გიორგი გრიგოლია – არ იცვლება გარემო, რომელმაც გამოიწვია სააკაშვილის პოსტტრავმული, სტრესული აშლილობა, სიმპტომური მკურნალობა არ მიგვიყვანს კარგ გამოსავლამდე

ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგის გიორგი გრიგოლიას განცხადებით, სიმპტომური მკურნალობით, შედეგი ვერ მიიღწევა, ვინაიდან არ იცვლება გარემო, რომელმაც გამოიწვია მიხეილ სააკაშვილის პოსტტრავმული, სტრესული აშლილობა, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება.

გიორგი გრიგოლიას თქმით, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა და თუ ასე გაგრძელდა, შესაძლოა, შეუქცევადი პროცესები დაიწყოს.

„მიხეილ სააკაშვილმა ოქტომბრის დასაწყისიდან მკვეთრად შეამცირა საკვების მიღება, მაგრამ არავის უთქვამს, რომ მან ასე გადაწყვიტა. შეამცირა, რადგან ვიცით, რომ ჯერ კიდევ ამ კლინიკაში მოხვედრამდე მას ჰქონდა საკვების აუტანლობა და ამიტომ ვერ იკვებება. მინდა, მარტივად ავხსნა, რა მდგომარეობაა. წარმოიდგინეთ, რომ იმყოფებით ოთახში, სადაც არის მოწამლული ჰაერი და ყოველდღე სუნთქავთ ამ ჰაერს, თქვენი მდგომარეობა ნელ-ნელა გაუარესდება. თუ ეს ტოქსინი არ მოაშორეთ ამ ოთახს, ბოლოს გახდებით სარეანიმაციო. კლინიკაში მიმდინარეობს სიმპტომური მკურნალობა, ანუ, ჰაერს არავინ წმენდს, გარემოს არავინ ასუფთავებს. უბრალოდ, წნევა დაეცემა, აუწევენ, აეწევა – დაუწევენ, ვერ შეჭამს, რაღაცას გადაუსხამენ, ორგანიზმს აქვს თავისი რესურსი ხომ? თქვენ ძირითად დაავადებას, გამომწვევ მიზეზს ვერ მკურნალობთ, რადგან იმ ოთახში უნდა გაწმინდოთ ჰაერი ხომ, რაც ინტოქსიკაციას იწვევს. თქვენი სიმპტომური მკურნალობა არასდროს მიიყვანს ადამიანს გამოჯანმრთელებამდე, ეს არის ჩემი აზრი. ამიტომ ჩვენი ექიმები და ჩვენ ვმკურნალობთ გართულებებს. ისიც, ხან ცოტა მეტად ეფექტურად, ხან ცოტა ნაკლებდ ეფექტურად, მაგრამ არ იცვლება გარემო, რომელმაც გამოიწვია მისი პოსტტრავმული, სტრესული აშლილობა, რასაც მოჰყვა ეს ყველაფერი. ამიტომ სიმპტომური მკურნალობა არ მიგვიყვანს კარგ გამოსავლამდე.

საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა, დიდი ვარდნაა წონის, თუ ასე გაგრძელდა, რამდენიმე თვეში შეიძლება, გახდეს სარეანიმაციო ან დაიწყოს შეუქცევადი პროცესები. ამიტომ ჩვენი აზრია, რომ ჩვენ პირობებში ამ ავადმყოფის ბოლომდე გამოჯანმრთელება არის შეუძლებელლი“, – განაცხადა გიორგი გრიგოლიამ.

მსგავსი თემები