ადვოკატის განცხადებით, ნობელის პრემიის ლაურეანტ ექიმს სააკაშვილთან არ უშვებენ

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, საქართველოში სააკაშვილის საქმეში ნობელის პრემიის ლაურეანტ ექიმს ყოფილი პრეზიდენტის მოსანახულებლად არ უშვებენ. შალვა ხაჭაპურიძე სახალხო დამცველს მიმართავს, რათა ჩაერთოს საქმეში და ჯეიმს კობი სააკაშვილთან შეუშვან.

„სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით საქართველოში ჩამობრძანდა დოქტორი კობი, რომელიც ნობელის პრემიის ლაურეატი გახლავთ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დარგში. მსგავსი მასშტაბის ფიგურა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის კუთხით, საქართველოში ჯერ არ ყოფილა. მსოფლიოს მრავალმილიარდიან საექსპერტო ჯგუფში ეს ადამიანი არის ნომერ პირველი, ყველაზე მეტად აღიარებული. ჯანდაცვის სამინისტრომ ხარვეზი დაუდგინა. ხარვეზი გახლავთ ის, რომ ბატონ კობის ვითომ არ წარმოუდგენია ბოლო წლების მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი. სინამდვილეში, ეს დოკუმენტი არაერთხელ გვაქვს წარმოდგენილი. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ადამიანი დღემდე ნებართვას ელოდება, მაგრამ ჯერჯერობით გაცემული არ არის. ყველაზე საინტერესო გახლავთ ის, რომ სახალხო დამცველს მისი ეგიდით შეუძლია ეს ექსპერტი ბატონ მიხეილ სააკაშვილთან შეიყვანოს. ამიტომ, კლინიკა “ვივამედიდან” სახალხო დამცველს მოვუწოდებ, საქართველოს ისტორიაში პირველად, მსოფლიოში აღიარებული ექსპერტი დაეხმაროს, დაიცვას სააკაშვილის უფლებები და ბატონი კობი შეიყვანოს კლინიკა “ვივამედში”, რათა მან პაციენტი გასინჯოს.

გარდა ამისა, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო დღეებში საგრძნობლად დამძიმდა. სახალხო დამცველს მოვუწოდებ, გამოიჩინოს გულისხმიერება და უახლოეს საათებში მოახდინოს ბატონი კობის ვიზიტი სააკაშვილთან”, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.

მსგავსი თემები