„ისფედს“ პარლამენტის სამუშაო ჯგუფში მაშინ ჩართავენ, თუ ის ულტიმატუმს მოხსნის  

პარლამენტის თავმჯდომარე „ისფედის“ მიმართ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის სოლიდარობას „ყალბ სოლიდარობას“ უწოდებს. როგორც შალვა პაპუაშვილი განმარტავს, „ისფედმა“ საზოგადოებას უნდა გასცეს პასუხი – კვლავ აყენებენ ულტიმატუმს და აქვთ პარლამენტის მიმართ მოთხოვნა, რომ დააკომპლექტონ მთავრობა, თუ ხსნიან თავის მოთხოვნას.

იმ შემთხვევაში, თუ ისინი ხსნიან მოთხოვნას, შალვა პაპუაშვილი თანახმაა, პარლამენტის სამუშაო ჯგუფში ჩაერთონ. მისივე განმარტებით, „ისფედს“  სამუშაო ჯგუფში მონაწილეობაზე უარი სწორედ იმიტომ უთხრეს, რომ არ გასცეს მთავარ კითხვას პასუხი – კვლავ უყენებენ თუ არა მოთხოვნას პარლამენტს, რომ დაითხოვონ მთავრობა და დააკომპლექტონ ე.წ. ტექნიკური მთავრობა.

„რამდენიმე დღეა, ვხედავთ მცდელობას კვლავ, რომ აღქმით იყოს მანიპულირება, ნაცვლად ფაქტებისა. ფაქტები კი არის მარტივად „სამართლიან არჩევნებთან“ დაკავშირებით. ევროპული საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების მეორე დღეს, 24 ივნისს, მათ შორის „ისფედი“ ორგანიზებით გაიმართა აქცია, სადაც „ისფედმა“ და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ პარლამენტს წამოუყენეს ერთ-კვირიანი ულტიმატუმი, რომ პარლამენტს უნდა დაეთხოვა მთავრობა და შეერჩია ე.წ. ტექნიკური მთავრობა. ეს ულტიმატუმი ბოლომდე ვერ მიიყვანეს, გამომდინარე იქიდან, რომ ხალხმა ზურგი აქცია ამ რადიკალურ მოთხოვნას, თუმცა ეს მოთხოვნა ჯერ კიდევ ჰაერში კიდია და მათ ეს ულტიმატუმი არ მოუხსნიათ“ – აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, „ისფედი“ სამუშაო ჯგუფში ჩაერთვება, თუ ის ულტიმატუმს მოხსნის.

„აქედან გამომდინარე, მას შემდეგ, რაც „ისფედმა“ გამოხატა ინტერესი პარლამენტში სამუშაო ჯგუფში მუშაობის თაობაზე, ჩვენ გვქონდა ამაზე კომუნიკაცია და ჩვენი კითხვა იყო „ისფედი“ მიმართ, ისინი კვლავ იზიარებენ ამ ულტიმატუმს თუ მოხსნეს ეს მოთხოვნა პარლამენტის მიმართ. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, საქმე ეხება ულტიმატუმს, რომლის მიხედვითაც, მთავრობის ფორმირებაში მონაწილეობა მიიღოს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ, მათ შორის „ისფედმა“, რომელსაც არ გააჩნია არანაირი დემოკრატიული ლეგიტიმაცია, შესაბამისად, ეს პროცესი არის დემოკრატიულ ფარგლებს მიღმა“ – განმარტავს პარლამენტის თავმჯდომარე.

 

მსგავსი თემები