,,უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია”- ჯოზეფ ბორელი

,,ევროკავშირის გაფართოება კვლავ დღის წესრიგშია და ეს სამართლიანია. გასულ კვირას ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა, რომ უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია, – ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა  განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოსთან, მოლდოვასთან, უკრაინასთან და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ერთად გაფართოება ევროკავშირის სტრატეგიულ ინტერესებშია.

​„უკრაინის ლიდერებმა საკმაოდ მკაფიოდ განაცხადეს, რომ სამხედრო მხარდაჭერასთან ერთად რუსეთის აგრესიისგან თავის დასაცავად ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება მათი პრიორიტეტია. მსგავს მსჯელობას ვხედავთ მოლდოვას მთავრობისგანაც. და ბოლოს, ამას ვხედავთ საქართველოს მთავრობის განაცხადში და ათი ათასობით ქართველ დემონსტრანტში, რომლებიც გამოვიდნენ თბილისის ქუჩებში ევროკავშირის დროშებით.

ევროკავშირის მხრიდან, მკაფიოდ უნდა გვესმოდეს, რომ ევროკავშირის ამ ქვეყნებთან ერთად გაფართოება, რომლებსაც სურთ და შეუძლიათ პირობების შესრულება არ არის წყალობა ან დათმობა. ეს ჩვენს სტრატეგიულ ინტერესებშია. ეს არის კონტინენტის, ევროკავშირის ღირებულებების და სტანდარტების გარშემო მოწყობის საშუალება. გაფართოების საიმედო პოლიტიკა არის გეოსტრატეგიული ინვესტიცია მთელი ევროპის მშვიდობაში, სტაბილურობაში, უსაფრთხოებაში და ეკონომიკურ ზრდაში. სხვები ღიად ეწინააღმდეგებიან ევროკავშირის გავლენას და ღირებულებებს სამეზობლოში, ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ აქტიურები და გავფართოვდეთ მათთან, ვინც აკმაყოფილებს კრიტერიუმებს“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

მსგავსი თემები