ავღანეთში მიწისძვრას 1 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავღანეთში  მიწისძვრის შედეგად ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა,დაშავებულთა რაოდენობა კი 1500-ს აღწევს. ოძრაობა „თალიბანი“ საერთაშორისო დახმარებას ითხოვს.

თალიბანის მაღალჩინოსნის განცხადებით, ავღანეთი ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ კრიზისშია და მთავრობა ფინანსურად ვერ შეძლებს ყველა ადამიანს შესაბამისი დახმარება გაუწიოს.

„სამწუხაროდ, მთავრობა სანქციების ქვეშ არის და არ შეუძლია, ფინანსურად დაეხმაროს ხალხს საჭირო მოცულობით. საერთაშორისო ჰუმანიტარული სააგენტოები გვეხმარებიან, მეზობელმა ქვეყნებმა, რეგიონის და მსოფლიოს ქვეყნებმა დახმარება შემოგვთავაზეს, რასაც ჩვენ ვაფასებთ და მივესალმებით. დახმარება უნდა გაიზარდოს ძალიან დიდი მასშტაბებით, რადგან ეს იყო გამანადგურებელი მიწისძვრა, რომლის მსგავსი ათობით წლის განმავლობაში არ მომხდარა“, – განაცხადა „თალიბანის“ წარმომადგენელმა აბდულ ქაჰარ ბალხიმ.

გაერო-ს ხელმძღვანელის ანტონიო გუტერეშის თქმით, ჯანდაცვის ჯგუფები, სამედიცინო მარაგი, საკვები და სასწრაფო დახმარების თავშესაფრები მიწისძვრის ზონისკენ უკვე გაგზავნილია.

შეგახსენებთ, ავღანეთში ბოლო 20 წლის გამავლობაში ყველაზე დამანგრეველი, 6,1 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ხოსტიდან დაახლოებით 44 კილომეტრში, 51 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

მსგავსი თემები