,,სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რა მიზანს ემსახურებოდა გუშინდელი აქცია”- ბექა დავითულიანი

,,თუ მოლდოვას და უკრაინას მისცეს, ნუ უკრაინას კიდევ მესმის, იმიტომ რომ ომშია და შეიძლება ეს იყო ერთგვარი კომპენსაცია, მაგრამ მოლდოვასაც თუ მიენიჭა და ამასობაში საქართველოს არ მიენიჭა, ეს იქნება მართლა უსამართლო”,- ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

დავითულიანის თქმით, თუ ევროპული საბჭო საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს არ მიანიჭებს უსამართლობა იქნება.

,,მართლა სამი და ხუთი თავით ვჯობივართ. თუ ეს კრიტერიუმი და ღირებულებები გადაწონა გეოგრაფიამ, ესეც ცუდი სიგნალი იქნება, თუმცა ჯანდაბას, ნებისმიერ შემთხვევაში, მონიჭება მაინც რა თქმა უნდა, თუნდაც პირობიანი, იქნება ბევრად უკეთესი”, – განაცხადა დავითულიანმა.

ამასთან, უმრავლესობის წევრმა პრეზიდენტის ინიციატივით, გუშინ გამართულ აქციაზე ისაუბრა.

„ვიდრე ჩატარდებოდა რომელიმე აქცია, ჩვენი პოზიცია იყო, რომ როცა მოსახლეობის 80 პროცენტი ემხრობა ევროინტეგრაციას, ცუდად ორგანიზებული ან დროის უქონლობის გამო ვერ ორგანიზებული აქციის ჩატარება ატარებს მაღალ რისკს. რისკს, რომ ნაცვლად იმისა, დავანახოთ ევროპას ჩვენი ხალხის ნება-სურვილი, ისე არ აღმოჩნდეს, თითქოს სულ 300 კაცი ითხოვს ამას. არ ვიცი, ამან რამდენად დააზიანა პროცესი, რამდენად მიიღებენ მხედველობაში, რადგან არსებობს გამოკითხვები, რომლის მიხედვით, მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი ემხრობა ევროინტეგრაციას. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რა მიზანს ემსახურებოდა გუშინდელი აქცია, რადგან ამ ქვეყანაში ყველა ძირითადი პოლიტიკური ჯგუფი ცალსახად, ღიად აცხადებს, რომ ემხრობა ევროინტეგრაციას, ყველა ვართ ამაზე შეთანხმებული, მიუხედავად იმისა, რა დაპირისპირებულებიც არ უნდა ვიყოთ შიდა პოლიტიკურ ველზე. ვერ ვხვდები, ამის ფონზე რა აზრი აქვს აქციას. ის, რომ მაკონსოლიდირებელი ყოფილიყო და ერთიანობა ეჩვენებინა მსოფლიოსთვის, ეს ვერ მოხდა, რადგან ორგანიზების დრო არ ჰქონდათ და ცოტა ადამიანი იყო“, – აღნიშნა ბექა დავითულიანმა.

მსგავსი თემები