,,უნდა გვესმოდეს არავითარი შემდგომი პროგრესი ოლიგარქიული მმართველობის პირობებში ჩვენს ქვეყანაში არ იქნება”- სალომე სამადაშვილი

სალომე სამადაშვილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მიერ  ევროპული პარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასადმი გაგზავნილ მიმართვას ეხმიანება. სამადაშვილის თქმით, შალვა პაპუაშვილს შეეძლო, მეცოლასთვის განეცხადებინა, რომ მისი პოლიტიკური ძალა მზად არის, მიშელის შეთანხმებას დაუბრუნდეს.

„უკეთესი იქნებოდა, შალვა პაპუაშვილს ქალბატონი მეცოლასთვის მიემართა წერილით, რომელშიც იტყოდა, რომ მისი პოლიტიკური ძალა მზად არის, მიშელის შეთანხმებას დაუბრუნდეს და ჟან მონეს დიალოგი შედგეს, რაც მნიშვნელოვანი პოლიტიკური ინსტრუმენტია. ეს ჩადებული იყო შარლ მიშელის შეთანხმებაში, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ჩაშალა და საკითხი შესულია პრობლემათა სიაში. ჟან მონეს პოლიტიკური დიალოგი, როგორც ინსტრუმენტი, გამოიყენება მხოლოდ კანდიდატ ქვეყნებში. ცარიელი სიტყვების ნაცვლად, შალვა პაპუაშვილს შეეძლო, საკუთარი ნაბიჯებით დაემტკიცებინა, რაც მას, როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს, ხელეწიფება“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ამასთან სალომე სამადაშვილი  EPP – ის რეზოლუციის პროექტს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ოლიგარქიული მმართველობა ქართველ ხალხს ართმევს არჩევანს.

,,დიდი იმედი მაქვს, რომ რეზოლუციაში ევროპარლამენტი დააფიქსირებს მხარდაჭერას ქართველი ხალხის მიმართ, რომ ჩვენ მივიღოთ სტატუსი და მეორე მხრივ ძალიან მკაფიო ჩანაწერს გააკეთებს როგორც ივანიშვილთან დაკავშირებით, ასევე იმ ხალხთან დაკავშირებით, რომელიც ივანიშვილის დანაშაულში არის თანამონაწილე, როგორიც არიან მაგალითად მოსამართლეები. არჩევანი ხალხის წინაშე მართლაც ნათელია, ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობა და ევროკავშირი ერთად არ გამოდის და ეს ნათლად ჩანს ივანიშვილის მიერ დაქირავებული ადამიანების რიტორიკიდან, რომლებსაც დღეს ჰქვიათ პარლამენტის წევრები, მაგრამ ისინი რეალურად არავის წარმოადგენენ. ჩვენ და ევროპაში ჩვენი მეგობრებიც ხედავენ, რომ ოლიგარქიული მმართველობა ქართველ ხალხს ართმევს არჩევანს და იმის მიუხედავად, რომ იმედი გვაქვს კანდიდატის სტატუსს მისცემენ საქართველოს, უნდა გვესმოდეს არავითარი შემდგომი პროგრესი ოლიგარქიული მმართველობის პირობებში ჩვენს ქვეყანაში არ იქნება. ევროპარლამენტარების განცხადებები პროტესტს იწვევს ხოლმე მაგალითად რუსეთში, ამიტომ ყველამ ვინც საუბრობს მსგავსი გზავნილებით საქართველოში, უნდა განუმარტონ საქართველოს მოსახლეობას, ვის წარმოადგენენ, ვინ არიან, არიან იმ ქვეყნის პარლამენტის წევრები, რომელიც ცდილობს ევროკავშირში გაწევრიანდეს, თუ არიან რუსეთის დუმის წარმომადგენლები, რომლებიც სუვერენული დემოკრატიის ენით ესაუბრებიან დასავლეთს და ეუბნებიან, რომ არავის აქვს უფლება ჩაერიოს სუვერენულ ქვეყანაში. თუ მიაჩნიათ, რომ ევროკავშირს და მათ წარმომადგენლებს არ აქვთ არანაირი უფლება მოგვთხოვონ იმ სტანდარტების დაცვა, რაც ევროკავშირშია, მაშინ რატომ შეიტანეს განაცხადი, რა უნდათ იმ გაერთიანებაში? “- აღნიშნა სამადაშვილმა.

მსგავსი თემები