„რუსები ჩვენც რომ მოგვადგნენ სადმე გავფრინდებით?“ – ომის ბავშვები

(ეკა გულუას ბლოგი)

ფსიქოლოგიური განადგურება, ფსიქოლოგიური ტერორი და განცდა, რომ  წუთი წუთზე ფერფლად იქცევი… ზუსტად ასე იყო 13 წლის წინ, როდესაც საქართველოში აგვისტოს ომი დაიწყო. დღეს კი ანალოგიურს განიცდიან მშობიარე ქალები, მეძუძური დედები და ის ადამიანები, რომლებიც ომის დამთავრებას ბუნკერებში ელოდებიან, თუმცა, ოკუპანტები იქაც წვდებიან და ბომბავენ.

ყველაფერი კი ასე დაიწყო:

23 ივლისი, 2008 წელი, გინეკოლოგთან მივედი კონსულტაციაზე, თუმცა, აღმოჩნდა, რომ მშობიარობა დაწყებულია. სასწრაფოდ მომამზადეს და შემიყვანეს საოპერაციოში. როცა გავიღვიძე უკვე დედა ვიყავი, ტყუპებიც დაბადებულები იყვნენ და საომარი მოქმედებებიც იწყებოდა.  კარგად ვერ ვხვდებოდი, ჯერ კიდევ ნარკოზის ზემოქმედების ქვეშ ვიყავი, თუმცა, მესმოდა შიგადაშიგ ექიმების ფუსფუსი „თურმე ისვრიან“…. „ნეტა აქ არ შემოვიდოდნენ“… არის ფორიაქი.

გავახილე თვალი… „ბავშვები… სად არიან ბავშვები“ – ვიკითხე.

ჩამესმა რომ ვიღაცამ მიპასუხა: „ბავშვები კარად არიან“ და ისევ მიმეძინა.

როცა გავიღვიძე, უკვე პალატაში ვიყავი, სიზმარში მეგონა თავი. ისევ ჩამესმოდა სიტყვები: რუსეთი, ომი, შეიარაღება, როკის გვირაბი, შემოვიდნენო, ემზადებიანო….

როცა გონს მოვედი, ორი ანგელოზი ჩემთან იყო. პირველად გავხდი დედა,  არანაირი გამოცდილება მქონდა, შიშმა ამიტანა თან ბავშვებზე ვფიქრობ, რატომ ტირიან, რა უნდათ, როგორ უნდა ვაჭამო.. თან ტკივილი, თან  „იქ“ რა ხდება ამაზე ფიქრი, რას გვიპირებს რუსეთი. მთელი სამი დღე კლინიკაში ამ მოსალოდნელ საფრთხეზე ფიქრში გავატარე, რადგანაც აფხაზეთის ომი უკვე გამოვლილი ჰქონდა საქართველოს და რუსული აგრესიის სისასტიკე სახეზე იყო.

ნერვიულობამ და სტრესმა ყველაფერზე იმოქმედა, ორისთვის საკმარისი რძე არ მქონდა…

სულ რაღაც ორ კვირაში “ისიც” დაიწყო, რომელიც აგვისტოს ომის სახელითაა ცნობილი. ომი იყო საქართველოს დედაქალაქიდან სულ რაღაც 30 წუთის სავალზე.

იბომბება ქართული სოფლები, იხოცებიან ადამიანები, გარბიან, მაგრამ სად გინდა გაიქცე.

მე,  მისუსტებულ-მივარდნილი, დასტრესილი, ახალნამშობიარევი, 14 დღის 2 ჩვილით, უსუსური ტყუპებით. ერთის წონა 1.800; მეორე – 2. 800,  რა ვუყო…

გვძინავს ჩაცმულებს, უფრო სწორედ, არც გვძინავს. ვზივართ საწოლზე, ერთი ბავშვი მე მიჭირავს – მეორე მეუღლეს. გავითიშებით, აფეთქების ხმა წამოგვაგდებს – „შემოვიდნენ“ წამოვიძახებ… „წავიდეთ“….

სად მიდიხარ რომ მიდიხარ, თავს ზევით ძალა არ გაქვს.  არადა, არც ის იცი როდის დაგეცემა ოკუპანტის ბომბი.

მშობლების ნერვიულობაზე ბავშვებიც ტირიან, ვერ ვაჩერებ…მეტროში ჩავიდეთ… მაგრამ არც ის ვიცით მეტრო ღიაა თუ დაკეტილი. ღამის 02:00 საათია….    მოდის ინფორმაცია, რომ „ეს“ ააფეთქეს, „ის“ ააფეთქეს და თბილისისკენ მოიწევენ.

გამზადებული გვაქვს 2 პატარა ზურგჩანთა, რომელშიც დევს: პამპერსები, ბავშვების რამდენიმე გამოსაცვლელი ტანსაცმელი, აუცილებელი წამლები, ბავშვის საკვები და წყალი.

ნეტა რამდენი დღე გვეყოფა?

ერთი ზურგჩანთა მე მაქვს აკიდებული, მეორე – მეუღლეს. თითო დაახლოებთ 3 დღისთვის საკმარისი უნდა იყოს. ერთი ბავშვი მას უჭირავს, მეორე -მე. ვემზადებით წასასვლელად, თუმცა, სად მივდივართ არ ვიცით…. გავედით, ჩავედით ეზოში, უკუნითი სიბნელეა, რადგანაც გამოაცხადეს, რომ განათება არ უნდა ყოფილიყო… ამოვბრუნდით ისევ ზევით… ასე რამდენჯერმე მოხდა.

უძილო ღამეები, სტრესი… ასე გავატარეთ დღეები და ღამეები იმის მოლოდინში, თუ როდის დაარტყამდნენ თბილისს.

„რკინიგზა ააფეთქეს“…  „საცხოვრებელი კორპუსები დაბომბეს“… „უამრავი ხალხია დახოცილი“… მოდის ცხელ-ცხელი ინფორმაცია.

მსოფლიოს დახმარებით თბილისამდე ვერ მოვიდნენ, შეაჩერეს, თუმცა, გორის ჩათვლით, რომელსაც თბილისთან სულ რაღაც 30 წუთი აშორებს, არ დატოვეს არაფერი…

დღეს, სახეზე გვყავს ათასობით დევნილი, რომლებიც 13 წელია, საკუთარ მიწა-წყალზე დაბრუნებას ელოდებიან.

სწორედ ეს სურათი ამომიტივტივდა თვალწინ, როცა უკრაინაში დახოცილი ბავშვები, აფეთქებული სამშობიარო, ბავშვთა სახლი და სამოქალაქო ობიექტები, 3 მილიონამდე დევნილი და ასობით დაობლებული ბავშვი ვნახე.

ჩემი შვილები დღეს 13 წლის არიან. ერთ ომს უკვე მოესწრნენ საკუთარ ქვეყანაში და მაშინ სულ რაღაც დღეების იყვნენ. მეორე ომს უკრაინაში ხედავენ. გიორგი, რომელიც ომის სისასტიკეს საინფორმაციო საშუალებებით ყოველდღიურ რეჟიმში უყურებს, მეკითხება: „ეკა, რუსები ჩვენც რომ მოგვადგნენ სადმე გავფრინდებით?“

P.S. ფოტო, რომელიც ახლავს ბლოგს სწორედ 13 წლის ჩემს შვილს ეკუთვნის. “მშვიდობა” – ასეთია მისი ერთი სიტყვით გამოხატული, ფურცელზე გადატანილი პროტესტი.

 

 

 

მსგავსი თემები