„ქართული ოცნება“ მთელი შემართებით განაგრძობს მუშაობას – ირაკლი კობახიძე 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი პარტია “ქართული ოცნება” მუშაობას განაგრძობს და მათ შორის პარლამენტში, უამრავი საქმეა გასაკეთებელი, რომლებიც უნდა განხორციელდეს მომდევნო ორი წლის განმავლობაში.
“ეს უკავშირდება პარლამენტის ინსტიტუციურ რეფორმას, უნდა გაძლიერდეს პარლამენტის კანონშემოქმედებითი და ზედამხედველობის ფუნქციები. მოსამზადებელია ახალი რეგლამენტი.  ეს უნდა იყოს  ჩვენი  დღის წესრიგი და არა ის განცხადებები, რომელსაც ვისმენთ გარკვეული დეპუტატების მხრიდან“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, პარლამენტის დეპუტატების უმეტესობა სწორად აკვირდება და აფასებს მოვლენებს. თუმცა,  არის გარკვეული შეცდომები, მაგრამ არსებობს სათანადო რესურსი იმისთვის, რომ ამ ადამიანებთანაც   დალაგდეს ურთიერთობები.
„ყველას მოვუწოდებ, რომ სიმშვიდე შეინარჩუნონ. “ქართული ოცნება“  განაგრძობს მუშაობას მთელი შემართებით. ჩვენ არ გვცალია, ნამდვილად  არ უნდა გვეცალოს ყოველ შემთხვევაში, არც ერთ ჩვენგანს იმისთვის, რომ ასეთი დაპირისპირების ნიშნები გავაჩინოთ”, – მიაჩნია ირაკლი კობახიძეს.
​მისივე თქმით, იმისათვის, რომ დისციპლინა იყოს დაცული, საჭიროა არსებობდეს წესები, რომლებიც  შემუშავდა და, რომლის შესაბამისად იმოქმედებს მმართველი გუნდი.

მსგავსი თემები