„კამპანია რუსი ეროვნების მოქალაქეებისთვის დისკრიმინაციული შეზღუდვების შემოღების შესახებ“ – ირაკლი კობახიძე

უკრაინაში ომისა და რუსეთში დაწესებული შეზღუდვების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეები საქართველოსკენ მოიწევენ. არის აქტიური მოთხოვნა როგორც საცხოვრებელი ფართის შეძენაზე, ის დაქირავებაზე. ამის გამო, ერთ-ერთი თემა, რომელიც გარკვეულ ჯგუფებში დღის წესრიგში დადგა, არის შემდეგი: უნდა შემოვუშვათ თუ არა საზღვარზე რუსეთის ფედერაციიდან დაძრული მოქალაქეები და რამდენად დაცულები ვართ  დივერსიული ჯგუფების შემოდინების.

აღნიშნულ თემაზე ირაკლი კობახიძემ განცხადება გააკეთა, სადაც საუბრობს, რომ სახეზეა  რუსი ეროვნების მოქალაქეებისთვის დისკრიმინაციული შეზღუდვების შემოღების მცდელობა.

„ომის პარტიის განზრახვის მორიგი გამოვლინებაა ახალი კამპანია, რომელიც მათ საქართველოში მყოფი რუსი ეროვნების მოქალაქეების წინააღმდეგ წამოიწყეს. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ ამ კამპანიაში, რომელიც დისკრიმინაციისა და შოვინიზმის ძალზე უხეში გამოვლინებაა, ჩართული არიან ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომელთა ერთ-ერთი უმთავრესი მისია სწორედ რომ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღკვეთა და ეთნიკური შუღლის გაღვივების პრევენცია უნდა იყოს. აქვე აღვნიშნავთ, რომ წარმოებული კამპანია უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლს, რომელიც ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას ყოველგვარი დათქმის გარეშე კრძალავს.

უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ ომს არავითარი გამართლება არ აქვს. დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა დაუშვებელია და ჩვენ ამ უმძიმეს აქტს კიდევ ერთხელ ვგმობთ. თუმცა, ამ ქმედებისთვის უდანაშაულო მოქალაქეების დასჯა ასევე სრულიად დაუშვებელი და კატეგორიულად მიუღებელია.

დღეს, იგივე პოლიტიკური ძალა აგორებს კამპანიას საქართველოში რუსი ეროვნების მოქალაქეებისთვის დისკრიმინაციული შეზღუდვების შემოღების შესახებ. ეს ორმაგი სტანდარტიც ნათლად მიანიშნებს, თუ რა რეალური განზრახვა დგას ამ კამპანიის უკან.

დღეის მდგომარეობით, საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც წამოწყებულია ამ მასშტაბის კამპანია რუსი ეროვნების მოქალაქეების ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის შესახებ. ეთნიკური ნიშნით ადამიანების დისკრიმინაცია არის გაუგონარი მოვლენა ცივილიზებული სამყაროსთვის. ამგვარი მიდგომით ჩვენ ვერ გავხდებით ევროკავშირის წევრი“ – აცხადებს კობახიძე.

 

მსგავსი თემები