„გარდაცვალების შემთხვევების გარდაუვალი მატება“ – თენგიზ ცერცვაძის გაფრთხილება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ქვეყანაში პანდემიის სადავეების ხელიდან გაქცევის მიზეზებს განმარტავს და ამბობს, რომ ერთ-ერთი, ვაქცინაციის მინიმალური დონეა.

„რაც შეეხება ფრაზას, რომ „პანდემიის სადავეები ხელიდან გაგვექცა“, არაერთგზის გვაქვს აღნიშნული, რომ იგულისხმება შემდეგი:

·         საქართველოში მოსახლეობის ვაქცინაციით მოცვის დონე დაბალია

·         პირბადეების გამოყენება ძალიან დაბალია – მხოლოდ 30%, მაშინ როდესაც ევროპის და ამერიკის სრულად ვაქცინირებულ ქვეყნებშიც კი 90%-ია.

·         ბოლო 4 თვის მანძილზე ქვეყანაში იმართება პერმანენტული ხალხმრავალი შეხვედრები და აქციები.

ყველაფერმა ამან ხელი შეუწყო ახალი შემთხვევების ზრდას და შესაბამისად, გარდაცვალების შემთხვევების გარდაუვალ მატებას. მაგრამ, ამ პირობებშიც კი სიტუაცია ნაკლებად მძიმეა, ვიდრე ზოგიერთ სხვა ქვეყანაში და რომ ჯანდაცვის სისტემის და ექიმების გმირობა, გარდაცვალების შემთხვევები გაცილებით მეტი იქნებოდა.

მივმართავ ქვეყნის მოსახლეობას, რომ მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა საიმედო ხელშია, ნუ აღიქვამენ სერიოზულად გაბოროტებული ადამიანების, ე.წ. ექსპერტების და ერთი მუჭა „ჰეითერების“ სიძულვილის ენით გაკეთებულ განცხადებებს, რომელიც გამიზნულად კეთდება მოსახლეობის დასტრესვის და პანიკის გამოსაწვევად. იყავით მშვიდად, შეინარჩუნეთ ოპტიმიზმი, ითანამშრომლეთ ექიმებთან, ატარეთ პირბადე, აიცერით, აიცერით, აიცერით, რათა შესაძლოდ მოკლე დროში დავძლიოთ პანდემია და დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას. ეს ერთად უნდა გავაკეთოთ”, – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

 

მსგავსი თემები