ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩო დიასპორის წარმომადგენლებს ქარიშხალ „დორიანთან“ დაკავშირებით აფრთხილებს.
საელჩო მოქალაქეებს ურჩევს, დაემორჩილონ ადგილობრივი ხელისუფლების მითითებებს. საჭიროების შემთხვევაში კი, დარეკონ ცხელ ხაზზე.
„დიასპორის საყურადღებოდ: მე-4 კატეგორიის ქარიშხალი „დორიანი“ უახლოვდება ფლორიდის შტატს სავარაუდოდ 1-2 სექტემბრის პერიოდში ძლიერი წვიმებითა და ქარით. მოქალაქეებს ვურჩევთ, დაემორჩილონ ადგილობრივი ხელისუფლების მითითებებს. ქარიშხალთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდიდან – www.nhc.noaa.gov. ასევე, საჭიროების შეთხვევაში შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ საელჩოს ცხელ ხაზზე +1 (202) 247-8498“,- აღნიშნულია საელჩოს მიმართვაში.
ფლორიდის შტატში საგანგებო მდგომარება გამოაცხადეს. მიზეზი ქარიშხალი „დორიანია“, რომელიც შეერთებული შტატების სანაპიროს რამდენიმე დღეში დაატყდება თავს.
ამასთან, ქარიშხალ „დორიანის“ გაძლიერების გამო, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პოლონეთში ვიზიტი გააუქმა.