ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ, საქართველოს პარლამენტი „საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვას უბრუნდება.
„საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვას იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს გააგრძელებს.
ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით მმართველი გუნდისა და ოპოზიციის ხედვები დაახლოებულია.
„საარჩევნო სისტემა არის 19 აპრილის შეთანხმების ის ნაწილი, სადაც, რეალურად, არის მნიშვნელოვანი წინსვლა და მხარეების მნიშვნელოვანი თანხმობა, როგორც ოპოზიციის, ასევე ხელისუფლების. უდიდეს ნაწილში ჩვენი ხედვები დაემთხვა ერთმანეთს. ამ მხრივ საკმაოდ დიდი პროგრესი გვაქვს. ასევე, არსებობს ვენეციის კომისიის საკმაოდ პოზიტიური დასკვნა“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ
მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს სრულად იზიარებენ და იმედს გამოთქვამენ, რომ მათი და საპარლამენტო ოპოზიციის ხედვები აღნიშნულ საკითხში ერთმანეთს სრულად დაემთხვევა.
„ჩვენ მიშელის სულისკვეთებას ვიზიარებთ თავიდან ბოლომდე. იქ ჩაწერილ ყველა პუნქტს და რეკომენდაციას ვითვალისწინებთ. არამხოლოდ ვითვალისწინებთ, არამედ განხორციელებული გვაქვს ეტაპები. ერთ-ერთი არის საარჩევნო სისტემის შეცვლა და უფრო გამჭირვალე, უფრო ღია გახდეს პროცესი. ამ ინიციატივაში, იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია ამ ნაწილში მაინც შემოგვეხიდება. მათ რეკომენდაციებს მაქსიმალურად შეჯერებულად გავითვალისწინებთ“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ.
კანონპროექტი ითვალისწინებს წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის უფლების მქონე პირთა წრის შეზღუდვას, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ამკრძალავ ახალ წესს. კანონპროექტში საუბარია კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხების აკრძალვაზე. დაუშვებელი ხდება კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. იცვლება როგორც კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შეჯამების, ასევე კანონით განსაზღვრული გასაჩივრების წესი და ვადები.