„ელჩების კონფერენცია 2020“ ონლაინფორმატში დღეს გაიხსნება

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა, „ელჩების კონფერენცია 2020 – საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები გლობალური პანდემიის პირობებში, ახალი გამოწვევები და შესაძლებლობები“ ონლაინფორმატში დღეს გაიხსნება და 23 დეკემბერს დასრულდება. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, კონფერენციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზალკალიანი გახსნის. ღონისძიების მონაწილეებს მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი გახარია და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.

„კონფერენციის ფარგლებში მონაწილეები შეაჯამებენ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით 2020 წლის საქმიანობას და განიხილავენ 2021 წლის სამოქმედო გეგმას.

კონფერენციის მსვლელობისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ახალი კორონავირუსის პანდემიის გავრცელების შედეგად მიღებულ გამოწვევებსა და მსოფლიოს მასშტაბით შექმნილ ტურბულენტურ გარემოს, ვირუსთან ბრძოლის პროცესში საქართველოს საგარეო უწყების მიერ გატარებულ ღონისძიებებსა და საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს.

ღონისძიებაზე განხილულ იქნება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ მიმართული ძალისხმევა, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, ორმხრივ ურთიერთობებში თანამშრომლობის განმტკიცებისა და განვითარების საკითხები აშშ-სთან, ევროპის სახელმწიფოებთან, აზიის, ახლო აღმოსავლეთის, აფრიკისა და ოკეანეთის ქვეყნებთან. საუბარი შეეხება რეგიონული თანამშრომლობის საკითხებსა და საქართველოს სამეზობლო პოლიტიკას, ასევე მრავალმხრივ დიპლომატიას, კულტურული და ეკონომიკური დიპლომატიის მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ ნაბიჯებს, სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ახალ გამოწვევებსა და საფრთხეებთან ეფექტიანი გამკლავების საკითხებს“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ელჩების კონფერენციაში მონაწილეობენ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელები, საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები.

მსგავსი თემები