“ჩვენს ცენტრში არის 46 დადასტურებული შემთხვევა. თითქმის ყოველდღე ხდება გამოჯანმრთელებულების გაწერა” – მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი ახალი პაციენტი მოათავსეს, მათგან ერთი თეთრიწყაროს კლასტერიდანაა. როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ჯამში ინფექციურში 46 პაციენტი მკურნალობს, მათგან 11 მოზარდია.

“დღეს დილის მონაცემებით 496 დადასტურებული შემთხვევაა, გამოჯანმრთელებული არის 149, აქედან გამომდინარე, დაახლოებით 337 პაციენტი მკურნალობს კოვიდცენტრებში. ჩვენს ცენტრში არის 46 დადასტურებული შემთხვევა. თითქმის ყოველდღე ხდება გამოჯანმრთელებულების გაწერა და ახალი პაციენტების მიღება, ამიტომ რამდენიმე ხანია ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ გვაქვს 45-46 დადასტურებული შემთხვევა, ეს ნიშნავს,რომ შემოდის გარკვეული რაოდენობა, გამოჯანმრთელებულები ეწერებიან და ციფრები 44-47-ს შორის მერყეობს. ჩვენ უკვე 57 გამოჯანმრთელებული პაციენტი გვყავს, დღეს 6 პაციენტზე ტარდება ტესტირება, რომელთანაც პირველ ჯერზე მივიღეთ ტესტზე უარყოფითი პასუხი. ახალი შემთხვევებიდან 1 თეთრიწყაროს კლასტერიდანაა. ამ 2-3 დღეში დაახლოებით 4 პაციენტი შემოვიდა, ძირითადად არის ბოლნისისა და მარნეულის წყარო. მივიღეთ ერთი პაციენტი თეთრიწყაროს კლასტერიდან, მივიღეთ კიდევ 1 ბავშვი და ახლა გვყავს 11 მოზარდი, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მათთან დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება. კვლავ გვყავს 17 პაციენტი მძიმე პნევმონიით, მათი მდგომარეობა დინამიკაში გაუმჯობესეულია, ამ პაციენტებთანაც არ შეინიშნებოდა დაავადების პროგრესიება, რაც იმას ნიშნავს, რომ მკურნალობას და მართვას ექვემდებარებოდა და დინამიურად დაიწყება მათთანაც გამოჯანმრთელების მონიტორინგი დაავადების ხანგრძლივობიდან გამომდინარე”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მსგავსი თემები