პარლამენტმა მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის განსაზღვრის შესახებ კანონი მიიღო

საქართველოს პარლამენტმა დღეს, მესამე მოსმენით მიიღო კანონი მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის განსაზღვრის შესახებ. კანონპროექტის ავტორმა, დიმიტრი ხუნდაძემ დეპუტატებს კიდევ ერთხელ განუმარტა, თუ რას გულისხმობს მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი და რა ევალება მთავრობას მრავალშვილიანი ოჯახების დასახმარებლად.

​მისი განმარტებით, მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი ენიჭება პირს, რომელსაც ჰყავს ოთხი ან მეტი შვილი და სტატუსს მთელი ცხოვრების განმავლობაში ატარებს.

რაც შეეხება კონკრეტულ დახმარებებს, აქ ასაკობრივ ცენზს აწესებს მთავრობა კონკრეტულ ინიციატივასთან ერთად. კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობამ 2018 წლის პირველ სექტემბრამდე უნდა წარმოადგინოს ინიციატივები სხვადასხვა მიმართულებით, თუ რა დახმარებას გაუწევენ მრავალშვილიან ოჯახებს.

” ვულოცავ მრავალშვილიან მშობლებს ამ საპატიო სტატუსის მინიჭება და ვიმედოვნებ, რომ მათთვის სახელმწიფოს მიერ მომზადებული დახმარებების პაკეტი ისეთივე ღირებული იქნება, როგორც მათი შრომა და დამსახურება ქვეყნის წინაშე”, – აცხადებს დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძე.

მისივე თქმით, კანონის მიღებას ორი მიზანი აქვს, სახელმწიფომ აღიაროს და დააფასოს მრავალშვილიანი მშობლების ღვაწლი და მეორე – წახალისდეს მცირეშვილიანი ოჯახები, იყოლიონ უფრო მეტი შვილი.
“საქართველოში დღეს არსებული მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობისთვის ეს უმნიშვნელოვანესია,“- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მსგავსი თემები