დეკანოზმა გიორგი მამალაძემ შიმშილობა შეწყვიტა. ცოტა ხნის წინ, მასთან გლდანის ციხეში მღვდელმონაზონი ანდრია სარია შევიდა, რომელიც სასულიერო პირს აზიარებს. როგორც მამა ანდრია სარიამ ციხეში შესვლის წინ განაცხადა, გლდანის მერვე დაწესებულებაში თავად დეკანოზის თხოვნით მივიდა.
მამა ანდრია სარიამ გლდანის მერვე დაწესებულებაში შესვლის წინ განაცხადა, რომ სასულიერო პირებმა დეკანოზი გიორგი მამალაძე თავდასხმისა და ცილისწამების ობიექტად აქციეს. მისი თქმით, მსჯავრდებული დეკანოზის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.
“მამა გიორგიმ თვითონ ითხოვა, რომ შევხვედროდი, ზიარება უნდა საშობაოდ, მე მგონი არავის არ უზიარებია, ეს ერთი, მეორე, რაც კი ამ ბოლო საშობაო პერიოდში ცილისწამების ნიაღვარი მოდიოდა მასზე თავდასხმის, არა თუ სიყვარულის ობიექტად, სიძულვილის ობიექტად გაიხადა საპატრიარქომ. გულმოწყალების ნაცვლად, ვხედავთ, რომ უგულობას აქვს ადგილი. ჩვენ ვიცით მკაცრი განცხადებები საპატრიარქოსგან, რომ მამა გიორგი ღირსია და უნდა იჯდეს იქ. ეს არის მთავარი გზავნილი და ჩვენ ვთვლით, რომ საპატრიარქოს უგულობას წერტილი დაესმება. მამა გიორგი არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში,“ – განაცხადა მამა ანდრია სარიამ.