ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აეროპორტის დასახლებაში გამართულ საპროტესტო აქციას წერილობით გამოეხმაურა.
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ, რომ მზად არიან ჩაერთონ ვეტერანი ავიატორების წინაშე მდგარი სოციალური თუ სხვა სახის პრობლემების გადაწყვეტაში.
“პირველ ყოვლისა, გვინდა გამოვხატოთ ჩვენი დიდი პატივისცემა საქართველოს საავიაციო სფეროს ყველა წარმომადგენლის, მით უფრო ვეტერანი ავიატორების მიმართ, რომლებმაც შექმნეს ქართული საავიაციო სკოლა და საფუძველი ჩაუყარეს ამ დარგს საქართველოში. ამიტომ ძალიან ვწუხვართ, როდესაც ამ ადამიანების სახელით ზოგიერთი არასერიოზული პოლიტიკოსი ცდილობს ქულების ჩაწერას.
კერძოდ, გვინდა განვუმარტოთ დღევანდელი შეხვედრის მონაწილე ადამიანებს, რომ ნათია თურნავას არანაირი მონაწილეობა არ მიუღია თბილისის აეროპორტის კერძო ინვესტორისთვის გადაცემის პროცესში, რომელიც 2005 წელს განხორციელდა. მეტიც, ის ამ დროს, საერთოდ არ მუშაობდა ეკონომიკის სამინისტროში.
კიდევ ერთხელ გვინდა პატივისცემა გამოვხატოთ ავიაციის სფეროს წარმომადგენელთა მიმართ და იმედი გამოვთქვათ, რომ ისინი არ აყვებიან პროვოკაციას და არ შეუწყობენ ხელს ცრუ ინფორმაციის უნებურ გავრცელებას.
ამასთან, მზადყოფნას გამოვხატავთ სამინისტროს სახელით ჩავერთოთ ვეტერანი ავიატორების წინაშე მდგარი სოციალური თუ სხვა სახის პრობლემების გადაწყვეტაში და დავიცვათ მათი ინტერესები ისევე როგორც ყოველთვის როდესაც საქმე ეხება საქართველოს ეკონომიკაში დასაქმებული ადამიანების ინტერესებს”, – ნათქვამია ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ პროტესტის მონაწილეები ეკონომიკის მინისტრს ავიაციის აქციების მოტყუებით წართმევას ედავებიან, ისინი კუთვნილი აქციების უკან დაბრუნებას მოითხოვენ.