„მკითხა – რა გატირებს, მეც რომ მოვკვდები, მაშინაც ასე იტირებო?“ – უცნობი დეტალები გია ყანჩელის ცხოვრებიდან (ექსკლუზიური იტერვიუ)

  •  

„ამ შემოდგომის თბილ, მზიან ამინდს, კიდევ ერთი ყვითელი ფოთოლი მოწყდა…“-  ამ სიტყვებით ემშვიდობება გენიალურ კომპოზიტორ გია ყანჩელს მისი მეგობარი, მსახიობი გოგა გველესიანი, რომელიც „მედიაცენტრ მთავართან“ ლეგენდასთან გატარებულ წლებს იხსენებს და ისეთ ცხოვრებისეულ დეტალებს უყვება, რომელიც მკითხველისთვის უცნობია.

ბოლო დროს, გია ყანჩელი ხშირად საუბრობდა ყვითელ ფოთოლზე, არა ნაწარმოებზე, არამედ ნამდვილ ფოთოლზე, რომელიც ბერდება, სიმწვანიდან სიყვითეში გადადის, ტოტს წყდება და ამქვეყნიურ სამყაროსაც ტოვებს. გრძნობდა, რომ ეს ეტაპი მის ცხოვრებასაც მიუახლოვდა.

გოგა გველესიანი: ის იყო ერის შვილი, რომელიც ერის მამად ჩამოყალიბდა. ბედნიერები ვართ, რომ გია ყანჩელი საქართველოს ჰყავდა. მე ჭირისუფალი ვარ, ის იყო განუმეორებელი კომპოზიტორიც და პიროვნებაც, რომელის აღმერთებდა ახალგაზრდებს. მათთან სხვა ურთიერთობა, სხვა დამოკიდებულება ჰქონდა.   

მედიაცენტრი მთავარი:“  განიცდიდა სიბერეს, გრძნობდა მოახლოებულ სიკვდილს?

გოგა გველესიანი: სევდანარევი იუმორით ამბობდა, დავბერდიო. ყველაფერს თავისი დრო აქვს, ფოთოლი თავის დროზე ყვითლდება და ტოტს წყდებაო. ეს ბუნებრივიამეთქი, ვეუბნებოდით მეგობრები.  დიდი ხანია იძახდა, რომ ისე აღარ იყო, როგორც ადრე. მაგრამ, იმ პერიოდში, მთლად ისეც არ იყო, თვითონ როგორც ამბობდა. სავარაუდოდ, ბოლო 2 წელია დამძიმდა მისი მდგომარეობა.

მედიაცენტრი მთავარი:“ რა იყო მისთვის ყველაზე მეტად სახასიათო, რატომ უყვარდა ყველას ასე ძალიან, ეს ხომ მხოლოდ მის შექმნილ ნაწარმოებებს არ უკავშირდება?

გოგა გველესიანი: მინდა გავიხსენო რობერტ სტურუას სპექტაკლი – „გოდოს მოლოდინში“, რომელიც რუსეთში გასტროლით გავიტანეთ. ამ სპექტაკლში მეც ვმონაწილეობდი, სპექტაკლის შემდეგ, ბანკეტი გაიმართა, სადღეგრძელოებიც ითქვა.  მადლობა გადავუხადე ბატონ გიას და ბატონ რობერტს ამ ყველაფრისთვის და ვუთხარი, თქვენ რომ არა, ეს არაფერი გამოვიდოდამეთქი. ბატონი გია კი, ამხელა გენიოსი კაცი ჩვენზე იძახის: ჩვენ გაგვიმართლა, რომ თქვენნაირი მსახიობები გვყავსო. აი, ასეთი გენიოსი ადამიანი, ასეთი თავმდაბლობით გამორჩეული ადამიანი, ვინც მსგავს რამეს იტყვის, არ ვიცი.  ერთს იტყოდა და მორჩა, ყველაფერი გასაგები იყო.  ერთი სიტყვით ქმნიდა განწყობას. ბედნიერები ვართ, რომ გია ყანჩელი საქართველოს ჰყავდა.

მედიაცენტრი მთავარი:“ ისეთი რამ მოგვიყევით, რაც მისმა მსმენელმა, მაყურებელმა, ზოგადად, მისთვის უცხო ადამიანებმა არ იციან. რა უყვარდა განსაკუთრებულად, თუნდაც კერძი?    

გოგა გველესიანი:  მწვადი უყვარდა ძალიან, მისი უსაყვარლესი საჭმელი იყო. სადმე თუ წავიდოდით, ყველგან მწვადზე საუბრობდა, თვითონ არაჩვეულებრივად ამზადებდა. ბატონი გიას მოსაწონი წვადი იშვიათად თუ იქნებოდა სადმე.

მედიაცენტრი მთავარი:“ კონკრეტული ადგილი ჰქონდა ამოჩემებული, სადაც მწვადზე დადიოდა?  

გოგა გველესიანი:  კონკრეტული ადგილი იყო სახლშ,  მის მიერ მომზადებული წვადი.  ერთხელ, სადღაც ერთად ვჭამეთ მწვადი. ვუთხარი რომ გემრიელი მწვადი  იყო და მომეწონა.  მან კი მიპასუხა, ამსტერდამიდან რომ ჩამოვალ, ჩემთან წავიდეთ და მე შენ გაჭმევ ჩემს მწვადს და აბა მერე შენ ნახე რა არის ნამდვილი მწვადიო. სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ მისი მდგომარეობა დამძიმდა და ვერ მოვასწარი მისი შემწვარი მწვადის დაგემოვნება.

მედიაცენტრი მთავარი“:  ზოგადად, რა იყო ის, რაც ყველაზე მეტად უყვარდა?

გოგა გველესიანი: სიცოცხლე უყვარდა, ნიჭიერი ადამიანი უყვარდა გამორჩეულად,  განსაკუთრებულად კი – თავისი ქვეყანა. თუ  ახალგაზრდაში რამე ბედნიერების ნაპერწკალს დაინახავდა, თითქოს თვითონ შეიძინაო, ისე უხაროდა.

მედიაცენტრი მთავარი“: რას განიცდიდა, რაზე ნერვიულობდა?

გოგა გველესიანი: ქვეყნის ბედზე ბევრს ნერვიულობდა და დარდობდა. ახალგაზრდა, დამწყები კომპოზიტორი იქნებოდა, მხატვარი თუ თითქოს მისი შენაძენი იყო, აღტაცებითა და აღფრთოვანებით საუბრობდა მასზე, მის წარმატებებზე. შემიძლია გითხრათ, რომ თავისი ქვეყნის დარდით წავიდა. თან გაიყოლა საკუთარი ქვეყნის სატკივარი.


სულ ყვითელ ფოთლებზე საუბრობდა, განა სიმღერაზე, არამედ, ფერთა ცვლაზე, რომ ფოთოლი წყდება ტოტს და კვდება

მედიაცენტრი მთავარი:“ განიცდიდა სიბერეს?

გოგა გველესიანი: ბატონი გია დიდი ხანია ამბობდა: „დავბერდი“, „მორჩა“ და სევდიანი იყო. ვერ ვიტყვი, რომ სიბერეს განიცდიდა. სევდანარევი იუმორით ამბობდა, დავბერდიო. ყველაფერს თავისი დრო აქვს, ფოთოლი თავის დროზე ყვითლდება და ტოტს წყდება, ეს ბუნებრივიაო.  ვეუბნებოდით, რომ ასე არ იყო, როგორც ფიქრობდა და მართ  არ იყო ასე. ძალიან განიცდიდა თავისი მეგობრების წასვლას ამ ქვეყნიდან, რამაც დააწერინა „სტიქსი“. ეს ნაწარმოები თავის გარდაცვლილ მეგობრებს მიუძღვნა. სტიქსი – ესა არის გამყოფი მდინარე სიცოცხლისა და სიკვდილის გამყოფი. შემდგომ, რობერტ სტურუამ ამ მუსიკაზე დადგა უხმო სპექტაკლი.

მედიაცენტრი მთავარი:“ გრძნობდა, რომ ეს დღე მალე დადგებოდა?

გოგა გველესიანი:   დიდი ხანია იძახდა, რომ ისე აღარ იყო, როგორც ადრე. მაგრამ იმ პერიოდში, ასე ცუდად არ იყო. განსაკუთრებით დამძიმდა ბოლო 2 წელია.  

მედიაცენტრი მთავარი“:  მისი ნაწარმოებები, თითქმის ყველა, თუმდაც კინოფილმებიდან, ყველასთვის საყვარელი იყო და ყველა ღიღინებდა. თავად თუ ჰქონდა რომელიმე ნაწარმოები გამორჩეული?

გოგა გველესიანი: მუდამ ამბობდა მე ოპტიმისტი ვარო. სულ ყვითელ ფოთლებზე საუბრობდა, განა სიმღერაზე, არამედ, ფერთა ცვლაზე, რომ ფოთოლი წყდება ტოტს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავდა, რომ სიკვდილის ეშინოდა. რა ასაკისაც არ უნდა იყოს ადამიანი, ბუნებრივია, სიცოცხლე იმდენად ტკბილია, გარდაცვალება არავის უნდა.  ამისთვის მზად იყო. ვიტყოდი, რომ ის იყო სევდიანი ოპტიმისტი.

ბოლო პრემიერა „გოდოს მოლოდინში“ რომ ვითამაშეთ, ბ-ნმა გიამ რობიკოს გადახედა და უთხრა, მორჩა რობიკო,  ჩვენ ჩვენი საქმე დავამთავრეთო, მე ჩემი დავამთავრეო, ძალიან სევდიანად უთხრა, ისე, რომ თავი ვერ შევიკავე და სცენაზე ავტირდი. მკითხა რა გატირებს, მეც რომ მოვკვდები, მაშინაც ასე იტირებო?  არა,  ვუთხარი, რომ  ეს ბედნიერების ცრემლები იყო. ხომ მაგარი იუმორი ჰქონდა, თუმცა, ერთ სევდიან სიტყვას იტყოდა და განწყობას ქმნიდა ამ ერთი სიტყვით.

მედიაცენტრი მთავარი:“ დაბადების დღის აღნიშვნა თუ უყვარდა და რა გარემოში აღნიშნავდა?

გოგა გველესიანი: ვერ ვიტყვი, რომ დაბადების დღეს პომპეზურად იხდიდა. უფრო, შინაურულ, ვიწრო წრეში აღნიშნავდა. არ მახსენდება არც ერთი პომპეზური დაბადების დღე. არც საჩუქრებზე ჰქონია გართულება. ყველა საჩუქარი უხაროდა და ძვირფასი იყო მისთვის.   

მედიაცენტრი მთავარი“: როგორი თამადა იყო?

გოგა გველესიანი: ხმამაღალი საუბარი არ უყვარდა, ამიტომ, თამადობასაც თავს არიდებდა. დალევითაც ბევრს არ სვამდა. დაბადების დღეც პომპეზურად აღენიშნოს, არ მახსოვს. ყოველთვის ვიწრო წრეში არჩევდა.

„მედიაცენტრი მთავარი:“ ცოტა პოლიტიკურსაც გკითხავთ, მას საკმაოდ დიდი კავშირები ჰქონდა. რუსეთთან დაკავშირებით რას ამბობდა?  

გოგა გველესიანი: იმ პერიოდში ძალიან აღრენილი იყო რუსეთზე. საკმაოდ უარყოფითად იყო განწყობილი და  გარკვეულ ადამიანებთან, ახლო მეგობრებთან ამის გამო დაძაბული ურთიერთობაც ჰქონდა.

„მედიაცენტრი მთავარი:“ სავარაუდოდ,  საუბარია ადამიანებზე, ვინც რუსეთში ჩადიოდა და კონცერტებს თუ სპექტაკლებს მართავდა….

გოგა გველესიანი: არ მინდა დავკონკრეტდე. ის იყო ერის შვილი, რომელიც შემდგომ ერის მამად ჩამოყალიბდა. მას სტკიოდა ქართული. ყველაფერი იწყებოდა ქართულით და ქართულით მთავრდებოდა. როგორც შოთა რუსთაველითა და სხვა დიდი ადამიანებით ვამაყობთ, მათ შორისაა გია ყანჩელი.

ეკა გულუა

მსგავსი თემები