,,ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები და არ შეიძლება მოვიქცეთ ჩვეულებრივად” – მიხეილ სააკაშვილი

მესამე პრეზიდენტმა მოახლოებული არჩევნების წინ, ერთობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ აუცილებელია ერთიანი სია:

,,პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა იფიქრონ იმაზე, რომ ყველა წყენა, წვრილმანი კინკლაობა და მითუმეტეს პირადი ამბიცია, ყველაფერი გვერდზე უნდა გადაიდოს. რა თქმა უნდა, არც არჩევნები იქნება ჩვეულებრივი. ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები და არ შეიძლება მოვიქცეთ ჩვეულებრივად. ჩვენ გვჭირდება ერთიანი სია, რომელიც მოიყვანს პროფესიონალებს მთავრობაში და იმ ხალხს, ვინც შეიძლება პოლიტიკაში აქტიურად არ არის, მაგრამ შეუძლია ქვეყნის უკეთესობისკენ წაყვანა”, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

მესამე პრეზიდენტი გამოეხმაურა ,,ოცნების” კონტრაქციასაც, რომელიც 29-შია დაგეგმილია და აღნიშნა, რომ არასწორია შედარება, თითქოს მისი ხელისუფლებაც უწყობდა ხალხს კონტრაქციებს:

,,არასდროს ჩვენ არ მოგვიწყვია კონტრაქცია ოპოზიციისთვის. დიახ ვაწყობდით საარჩევნო მიტინგებს, მათ შორის, იყო წარმატებულიც და არცთუ წარმატებული მიტინგებიც, მაგრამ ეს იყო საარჩევნო შეხვედრები, რომელიც ხდება ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში.

2009-ში მრავალი თვე თბილისის გადაკეტილი ჰქონდათ კარვებით. არამხოლოდ ძალა არ გამოგვიყენებია, არამედ მე თვითონ გადავედი პრეზიდენტის სასახლიდან, გადავედი სულ სხვა შენობაში და დავუთმე მთლიანად ცენტრი მომიტინგეებს. ჩვენ მაშინ დავუთმეთ მათ ყველაფერი. რატომ ამას არ იხსენებენ? არ არის მოსახერხებელი?”, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

 

მსგავსი თემები