ადიგენში, პრობლემების გამო, შევაჩერეთ პარასკევის ლოცვა – სამცხე–ჯავახეთის მუფთი

სამცხე–ჯავახეთის მუფთის მამუკა ვაშაყმაძის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო, ადიგენში, მერაბ (იუსუფ) მიქელაძის სახლში მუსლიმები პარასკევის ლოცვას აღარ აღავლენენ. ინფორმაციას ,,სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება, სოფელ ჭელაში გამართულ შეხვედრაზე მუსლიმებმა ერთობლივად მიიღეს.

,,აღნიშნული მოვლენებიდან გამომდინარე, ჭელაში შემდგარი ცხარე დისკუსიისას, მუსლიმ თემთან ერთად, მივიღეთ გადაწყვეტილება შეჩერდეს პარასკევის ლოცვა, ბაირამის ლოცვა და გადავიდეს მოლაპარაკების ფორმატში, ცივილიზებულ ფორმატში. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ მერაბს, იმ მრევლს, რომელიც ამ გადაწყვეტილების მიღებაში დაგვეხმარა, გვერდში დაგვიდა და მშვიდობას დაუჭირა მხარი. ჩვენ ადიგენში აღნიშნული პრობლემების გამო, შევაჩერეთ პარასკევის, ბაირამის ლოცვა, მიმდინარეობს მოლაპარაკებები, ღმერთის დახმარებით ყველაფერი კარგად იქნება”, – ამბობს მერაბ მიქელაძე.

შეგახსენებთ, რომ მართლმადიდებელთა ნაწილი, სასულიერო პირებთან ერთად, 5 აპრილს, დილიდან კიდევ ერთხელ შეიკრიბა ადიგენში, წერეთლის ქუჩაზე – იმ სახლთან, სადაც მუსლიმი თემი ლოცულობს. ადგილზე ვითარება დაძაბული იყო. მუსლიმებს ლოცვაში ხელი შეუშალეს.

მსგავსი თემები