„ქმარმა მითხრა კიდე ერთი გოგო არ გვინდა, ხალხის დაცინვის თავი არ მაქვსო“ – სელექციური აბორტი საქართველოში

ნორას ოჯახში გოგონაზე უარი მის დაბადებამდე თქვეს. მას შემდეგ, რაც “ნანატრი ვაჟის” მოლოდინი არ გამართლდა, მეუღლემ აბორტის გაკეთება კატეგორიულად მოსთხოვა, ისე, რომ მისი აზრით არც კი დაინტერესებულა. ოჯახიდან, სადაც მესამე შვილი უნდა დაბადებულიყო, წამოვიდა. გოგონა მარტომ გააჩინა. მაშინ 35 წლის იყო.

ამ ამბავმა მის ცხოვრებაში ყველაფერი შეცვალა. იხსენებს, თუ როგორ ლაპარაკობდნენ მისი ოჯახის წევრები ჯერაც დაუბადებელ ბავშვზე, როგორც ნივთზე. გოგონაზე, რომელიც არასასურველი იყო და არ უნდა დაბადებულიყო.

ნორას შვილი გადარჩა, მისი თანატოლები გაქრნენ. ეს ამბავი ჩვენს ქვეყანაში არც პირველი და არც უკანასკნელია. მან ეს ინტერვიუ “რადიო თავისუფლებას” მისცა. სელექციურ აბორტზე ქალები საქართველოში დღემდე ხმამაღლა ან საერთოდ არ საუბრობენ. მათი უთქმელი ისტორიები მხოლოდ ცხოვრებისეულ ტრავმებად და სტატისტიკად რჩება.

საქართველოში ჯერ კიდევ არიან ოჯახები, ვისთვისაც ვაჟის ყოლა აუცილებლობაა! გოგოს დაბადება კი სირცხვილი და უხერხულობაც. სელექციურ აბორტს ხშირად მაშინ მიმართავენ, როცა ოჯახში მესამე გოგო იბადება. გადაწყვეტილებასაც ძირითადად კაცები იღებენ. ქმრის ან პარტნიორის მხრიდან წამოსულ ზეწოლას აძლიერებს ოჯახის სხვა წევრების, ნათესავების და გარშემო საზოგადოების აზრიც, რომ ბიჭი მემკვიდრე საჭიროა, რომ გვარი გააგრძელოს და მშობლებს ხანდაზმულობის ასაკში მიხედოს.

საქართველოში ბიჭის დაბადება უფრო რომ ახარებთ ვიდრე გოგოსი, ამაზე სტატისტიკაც მეტყველებს. გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ ჩატარებული კვლევითაც დადასტურდა, რომ გამოკითხულთა 31 პროცენტს ოჯახში ქალის დაბადება არ სურს და იქ მხოლოდ ბიჭის ადგილს ხედავს. სწორედ ამიტომ, სქესის შერჩევით აბორტი ქვეყანაში ჯერაც გავრცელებული მანკიერი პრაქტიკაა.

პირველი, ვისგანაც მშობელი შვილის სქესს იგებს, ექიმია. სწორედ ის ხდება პირველი შემსწრეც, თუ ქალი აბორტს გადაწყვეტს. ყველას აქვს უფლება გაიგოს შვილის სქესი, თუმცა, საქართველოში არსებობს ექიმებისადმი მკაცრი რეკომენდაცია, რომ 16 კვირამდე სქესი არ გაამხილონ. ამ ვადის შემდეგ კი საქართველოში აბორტი არალეგალურად ითვლება და კანონით იკრძალება.

სელექციური აბორტის გარდა, სასურველი სქესის გამოთვლის ხალხურ მეთოდებს მიმართავენ, რომელიც ლოგიკას და მეცნიერებას მოკლებულია. ერთ-ერთი “სისხლის განახლების თეორიაზეა” დაფუძნებული. არსებობს ე.წ. სქესის გამოთვლის კალენდარიც.

ამბავი გამქრალ გოგოებზე საქართველოში 90-იანი წლებიდან იწყება, როცა 1999-2004 წლებში 31 000 გოგო მხოლოდ იმიტომ არ დაიბადა, რომ მათ მშობლებს სურდათ ვაჟი ჰყოლოდათ. 2004 წლიდან ეს ტენდენცია ნელ-ნელა შემცირდა და 2016 წლისთვის კი თანაფარდობა შედარებით დაბალანსდა. დადებითი ტენდენცია ახლაც შენარჩუნებულია.

ახალშობილთა გენდერული თანაფარდობის ნორმად 100 გოგონა 105-106 ბიჭზე მიიჩნევა. შვილს შერჩევით ყველაზე ხშირად ქვეყნის სამ რეგიონში აჩენენ – კახეთში, სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში.

მსგავსი თემები