111 წლის ბრიტანელი მსოფლიოს უხუცესი კაცი გახდა

ჯონ ტინისვუდი ინგლისის საგრაფო მერსისაიდიდან მსოფლიოს უხუცესი კაცი გახდა. BBC-ის ინფორმაციით, 111 წლის კაცი, რომელიც მოხუცებულთა სახლში ცხოვრობს, ყველას ურჩევს „ავარჯიშონ ტვინი“ და ყველაფერში „ზომიერება“ გამოიჩინონ. თავისი სიცოცხლის ხანგრძლივობას ის კვირაში ერთხელ ტრადიციული ბრიტანული კერძის – „ფიშ ენდ ჩიფსის“ დაგემოვნებითა და ახალგაზრდობაში რეგულარული ლაშქრობებით ხსნის.

ტინისვუდი 1912 წლის 26 აგვისტოს, საუსპორტში დაიბადა. 1942 წელს მან თავის ერთადერთ მეუღლეზე, ბლოდვენზე იქორწინა. წყვილს ერთი ქალიშვილი – სიუზანი ჰყავდა.

მსოფლიოს უხუცესი კაცის დამადასტურებელი სერტიფიკატი გინესის რეკორდების წარმომადგენლებმა ტინისვუდს 4 აპრილს გადასცეს. მანამდე მსოფლიოს უხუცესი კაცის ტიტული ვენესუელელ ხუან ვისენტე პერეს მორას ეკუთვნოდა, რომელიც სამშაბათს, 114 წლისა გარდაიცვალა.

მსგავსი თემები