8 აპრილიდან ონკოპაციენტები კანცელარიასთან უწყვეტ აქციებს აანონსებენ

ონკოპაციენტებისთვის, ჯანდაცვის სამინისტროს დაპირება არასაკმარისი აღმოჩნდა, ისინი ხვალიდან უწვეტ აქციებს აანონსებენ.

ონკოპაციენტები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ მოთხოვნები სრულად არ გაიზიარა და მათი სიცოცხლე კვლავ საფრთხეშია. ჯანდაცვის სამინისტრომ 25 000-ლარიანი ლიმიტი მოხსნა, თუმცა ონკოპაციენტების თქმით, ეს საკმარისი არ არის და გადაწყვეტილების ბევრი დეტალი ბუნდოვანია.

“ამ განცხადებით არაფერი ახალი არ თქმულა ონკოპაციენტებისთვის. არც არაფერი დიდი ცვლილებები არ მომხდარა. ვითხოვთ, რომ ყველა საჭირო მედიკამენტი შედიოდეს საყოველთაო დაფინანსების პროგრამაში და ონკოპაციენტები, რომლებიც ვერ ჯდებიან დაფინანსების პროგრამაში, ეს არის ძალიან ცუდი მოცემულობა, იმიტომ, რომ ყველა ონკოპაციენტი უნდა იყოს საყოველთაო დაფინანსების პროგრამაში. ჩვენ ვითხოვთ პერსონალიზირებულ მედიცინას, ვითხოვთ ულიმიტო დაფინანსებას ონკოპაციენტებისთვის”, – აცხადებს ორგანიზაცია კავშირი სიცოცხლისთვის დამფუძნებელი, გვანცა აფხაიძე.

5 აპრილს, ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ თქვა, რომ 25 000-ლარიანი ლიმიტიდან ცალკე გამოიყოფა ონკოლოგიური მედიკამენტები, რომელიც გათვალისწინებულია შესაბამისი სახელმწიფო პროგრამით.

ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტები უკვე რამდენიმე თვეა მკურნალობის სრულად დაფინანსებას და მოქმედი პროგრამის – წლიურად 25 000 ლარიანი ლიმიტის მოხსნას ითხოვენ. ასევე, მათ მოთხოვნებში შედის მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტების ბაზარზე შემოტანა და დაფინანსების დროულად მიღების უზრუნველყოფა.

მსგავსი თემები