ლაზარეს საქმეში დარღვევა ვერ დავინახე – სახალხო დამცველი

მარტის აქციების სიმბოლოდ ქცეული ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო საქმეში ომბუდსმენი ვერანაირ დარღვევას ვერ ხედავს –  საქართველოს სახალხო დამცველი “პოლიტიკური ამბების” ეთერში ამბობს, რომ ახალგაზრდის სხდომებს რეგულარულად ესწრება, თუმცა საქმის წარმოებაში ვერც პროცედურულ და ვერც შინაარსობრივ დარღვევას ვერ ამჩნევს.

ლევან იოსელიანი ასევე მარტის აქციებზე დაკავებული ბიჭისთვის თავის გადაპარსვის ფაქტზე საუბრობს და აცხადებს, რომ ომბუდსმენის აპარატმა მომხდარის გამო სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა და მოკვლევას ამ დრომდე აგრძელებს.

ლაზარეს შემთხვევაში, მინდა იცოდეთ, რომ სახალხო დამცველის აპარატმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ პროცესში ყველა ინფორმაციაზე გვქონოდა წვდომა. პირველივე საათიდან ვიყავით ჩართული. მე თავად მოვინახულე ლაზარე საპყრობილეში. არ ყოფილა პროცესი, გარემოება, სადაც ჩვენი ჩართვა იყო საჭირო და ამაში არ მიგვეღო მონაწილეობა. თავის გადაპარსვის ეპიზოდზე მივმართეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და დღემდე ვამორიტორინგებთ ამ გამოძიების პროცესს. რაც შეეხება უშუალოდ საქმეს, საპროცესო დარღვევებთან მიმართებით, ჩვენმა აპარატმა დღემდე ვერანაირი დარღვევა ვერ დაინახა. ამას ვამბობ სრულიად გააზრებულად, რადგან ამის უკან დგანს უამრავი პროფესიონალი ადამიანის ცოდნა და ეს ასე არის. თავად საქმეში, რომელიც ჩვენ გვაქვს და პროცესში, რომელიც სასამართლოში მიმდინარეობს, დარღვევა ვერ დავინახეთ. სხდომებს რეგულარულად ვესწრებით და ასეთი დარღვევა, რომელზეც ჩვენ გვექნებოდა ლეგიტიმური საფუძველი, რომ მოგვეხდინა რეაგირება, როგორც პროცედურული, ასევე შინაარსობრივი არ ყოფილა”, – ამბობს იოსელიანი.

ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისის მომდევნო პროცესი  8 აპრილის ჩატარდება. გამოძიება ახალგაზრდა ბიჭს სპეცრაზმელისთვის მოლოტოვის კოქტეილის სროლასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე არსებული ავტომანქანის დაწვას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ლაზარეს 7-იდან 12-წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მსგავსი თემები