HRC-ის ანგარიში: გრიგორიადისის და ბაჩალიაშვილის მამებს აქციაზე, სავარაუდოდ, უთვალთვალებდნენ

შეკრებებისა და მანიფესტაციების მონაწილეთა მიმართ სავარაუდო ფარული საგამოძიებო მოქმედებების მონიტორინგის შესახებ „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ (HRC) მოკლე ანგარიში გამოაქვეყნა.

რესპონდენტებმა, რომლებიც „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ 2023 წლის იანვრიდან დღემდე ჩაწერა, ერთ-ერთ მთავარ პრობლემად აღნიშნეს, რომ აქციებში მონაწილეობისას, სავარაუდოდ, უცნობი პირები უთვალთვალებდნენ. პოლიტიკური პარტიის და სამოქალაქო გაერთიანების წარმომადგენლები ინტერვიუებში აღნიშნავდნენ, რომ მათ მიერ ორგანიზებულ აქციებზე არაერთხელ გამხდარან ფარული საგამოძიებო მოქმედების ობიექტები.

ანგარიშში კონკრეტული მაგალითებიც არის მოხმობილი. როგორც ორგანიზაცია მიუთითებს, 2023 წლის 28 მაისს პარლამენტის წინ პარტია „ევროპული საქართველოს“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე HRC-ის მონიტორმა შენიშნა ორი არაიდენტიფიცირებადი პირი – კაცი და ქალი, რომლებიც, სავარაუდოდ, უთვალთვალებდნენ აქციის მონაწილეებს – გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის მამას, ჯუმბერ ბაჩალიაშვილს და 2023 წლის 8-9 მარტის საპროტესტო აქციის შემდეგ დაპატიმრებული სამოქალაქო აქტივისტის, ლაზარე გრიგორიადისის მამას, ბექა გრიგორიადისს.

ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა და ბექა გრიგორიადისმა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მონიტორს განუცხადეს, რომ მათ ეს ორი პირი უთვალთვალებდა აქციის დაწყების მომენტიდან.

„მოგვიანებით, მონიტორინგის დროს გადაღებული ფოტოების დეტალური გაცნობისას მონიტორმა აღმოაჩინა, რომ ერთ-ერთი პირი, რომელიც, სავარაუდოდ, უთვალთვალებდა აქციის მონაწილეებს, იმყოფებოდა პირველ გიმნაზიასთან შეკრებილ პოლიციელებთან ერთად. ეს გარემოება შესაძლოა, მიანიშნებდეს, რომ ჯუმბერ ბაჩალიაშვილი და ბექა გრიგორიადისი, სავარაუდოდ, იყვნენ ფარული საგამოძიებო მოქმედების ობიექტები“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

ორგანიზაციის განცხადებით, იმის გათვალისწინებით, რომ აქციის მონაწილეების მიმართ შესაძლოა, იყოს ფარული საგამოძიებო მოქმედებები, არსებობდა რისკი, რომ ამ პროცესში დამუშავებულიყო იმ პირთა მონაცემები, რომელთაც გამოძიებასთან არ ჰქონიათ შემხებლობა.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ რეკომენდაციებით მიმართავს საქართველოს პროკურატურას და ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს:

შეკრებებისა და მანიფესტაციების მონაწილეების მიმართ არ განახორციელოს ფარული საგამოძიებო მოქმედებები, გარდა კანონით გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევებისა.

საქართველოს საერთო სასამართლოებს:

ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებაზე ნებართვის გაცემისას ან/და დაწყებული საგამოძიებო მოქმედებების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, იხელმძღვანელოს ეროვნული კანონმდებლობით და მსგავსი მოქმედებები დაუშვას მხოლოდ კანონით განსაზღვრულ საგამონაკლისო შემთხვევებში.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს:

ზედამხედველობა გაუწიოს აქციების მონაწილეებისა და ორგანიზატორების მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების სავარაუდო ფაქტებს და დარღვევების იდენტიფიცირების შემთხვევაში, მიიღოს შესაბამისი ზომები საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.

მსგავსი თემები