ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის დაკავება მხოლოდ პარლამენტის თანხმობით იქნება შესაძლებელი

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის ხელშეუხებლობის გარანტია საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრება – მთავრობამ “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებები დააინიცირა, რომელიც ბიუროს დღეს წარედგინება.

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ ცვლილებების მიზანი ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფაა. მისი განმარტებით, კანონში აისახება შემდეგი ცვლილებები:

,,კანონპროექტში აისახა შემდეგი ცვლილებები ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის გასაზრდელად.

1. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსისთვის დგინდება იმუნიტეტი სისხლისსამართლებრივი დევნის, დაკავების და ჩხრეკის მიმართ იმავე ხარისხის, რაც აქვს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსებს. იმუნიტეტის შეჩერების გადაწყვეტილებას აქაც მიიღებს პარლამენტი.

2. ზუსტდება და ვიწროვდება ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლები. შეგახსენებთ, რომ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ ძალიან შეზღუდული, ობიექტურად შეფასებადი კრიტერიუმების დროს, რამდენიმე პუნქტია სულ. როგორიც არის, მაგალითად, მოქალაქეობის დაკარგვა, გარდაცვალება სისხლისსამართლებრივ დანაშაულში დამნაშავედ ცნობა და ა.შ… დისკუსიის შედეგად, სამუშაო ფორმატში, კიდევ უფრო დავაზუსტეთ და შევავიწროვეთ ეს შესაძლებლობები, რაც ყველანაირად გამორიცხავს თვითნებურად გათავისუფლებას ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის.

3. ანტიკორუფციული ბიუროს ენიჭება უფლებამოსილება განახორციელოს ე.წ. სპეციალური ადმინისტრაციული წარმოება, რომელიც მოიცავს ისეთ ღონისძიებებს, როგორიც არის პირის გამოკითხვა, მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე დაკითხვა, საჯარო დაწესებულებებისგან ფიზიკური და იურიდიული პირებისა და სხვა სუბიექტებისგან ინფორმაციის გამოთხოვა…

4. ქონებრივ დეკლარაციებთან დაკავშირებით განისაზღვრა პერიოდი, როდესაც ანტიკორუფციული ბიურო ქონებრივი დეკლარაციის წარდგენის შემდეგ თავად გააკეთებს პირველად შემოწმებას ერთი თვის განმავლობაში და ხარვეზებთან დაკავშირებით მითითებს დეკლარანტს და მისცემს დროს შესასწორებლად. ეს მისცემს საშუალებას როგორც დეკლარანტებს, ისე ბიუროს, რომ ტექნიკური ხარვეზები აღმოფხვრილი იყოს…

5. ანტიკორუფციული ბიუროს ენიჭება უფლებამოსილება მამხილებლის სტატუსის მინიჭებისა მამხილებელი პირის მიმართ და ასევე სამართლებრივი და ფსიქოლოგიური დახმარებისა…

6. და ბოლოს, ზუსტდება, რომ ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობა ექცევა ასევე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის ქვეშ. ეს იმისთვის, რომ დაცული იყოს პერსონალური მონაცემები”, – თქვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ანტიკორუფციულ ბიუროს “ქართული ოცნების” ნდობით აღჭურვილი პირი, რაჟდენ კუპრაშვილი ხელმძღვანელობს. ის ამ თანამდებობაზე ყოფილმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, დანიშნა.

მსგავსი თემები