,,სტიქიის ზონებში გეოლოგების ჯგუფებმა 541 ოჯახი შეაფასეს” – გარემოს ეროვნული სააგენტო

სტიქიის ზონებში 6-დან 12 თებერვლამდე გეოლოგების ჯგუფებმა 541 ოჯახი შეაფასეს, მდგრად ადგილზე გადაყვანას 300-მდე ოჯახი დაექვემდებარა. გეოლოგების 3 ჯგუფი, საქართველოს ტერიტორიაზე განვითარებული სტიქიის ზონებში რჩება და მოვლენების შესწავლას აგრძელებს.

გარდა ამისა, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, იმერეთში დაფიქსირებულია მეწყრები, ხოლო რაჭაში მეწყრული და ღვარცოფული პროცესები.

,,გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების 3 ჯგუფი, საქართველოს ტერიტორიაზე განვითარებული სტიქიის ზონებში რჩება და მოვლენების შესწავლას ადგილზე აგრძელებს, მათ შორის 2 ჯგუფი იმერეთში და 1 ჯგუფი რაჭის ტერიტორიაზე იმყოფება. იმერეთში დაფიქსირებულია მეწყრები, ხოლო რაჭაში მეწყრული და ღვარცოფული პროცესები.

6-დან 12 თებერვლამდე გეოლოგების ჯგუფებმა შეაფასეს 541 ოჯახი (მათ შორის აჭარის რეგიონში), გატარდა საპრევენციო ზომები და მდგრად ადგილზე გადაყვანას დაექვემდებარა 300-მდე ოჯახი. სააგენტოს სპეციალისტების მიერ, შემდგომი დამცავი და სტიქიის საპრევენციო ღონისძიებების გასატარებლად გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები.

აღსანიშნავია, ბოლო დღეებში ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურად მიმდინარე თოვლის დნობის პროცესს თან დაერთო უხვი ატმოსფერული ნალექების მოსვლა წვიმის სახით, რომელმაც, თავის მხრივ, გამოიწვია ბუნებრივად ისედაც დაძაბულ ტერიტორიებზე სხვადასხვა სტიქიური პროცესების (მეწყერი, ღვარცოფი, წყალდიდობა, წყალმოვარდნა, თოვლის ზვავი) ჩასახვა-გააქტიურება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მსგავსი თემები