საია 2008 წლის ომით დაზარალებულებისთვის, საერთაშორისო საკომპენსაციო ფონდის შექმნას ითხოვს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ითხოვს, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის ომის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის უფლებების ეფექტიანად დაცვისთვის, შეიქმნას საერთაშორისო საკომპენსაციო ფონდი. ორგანიზაციამ შესაბამისი მოთხოვნით, საგარეო საქმეთა სამინისტროს უკვე მიმართა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ აღნიშნული ფონდის გარეშე შეუძლებელია აღსრულდეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ, საქართველოს სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილებები.

„დღეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიმართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ბატონ ილია დარჩიაშვილს. ჩვენი მიმართვის მთავარი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის ომის შედეგად დაზარალებული უფლებების ეფექტიანი დაცვისთვის შეიქმნას, საერთაშორისო ღონისძიებების ფარგლებში, შესაბამისი საკომპენსაციო ფონდი, რომელიც უზრუნველყოფს დაზარალებული მოსახლეობის ინტერესების დაცვას. სწორედ ამ მიზნით დღეს ჩვენ მივმართავთ საგარეო საქმეთა მინისტრს“ – აცხადებენ ორგანიზაციაში.

მათივე განმარტებით, 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ინტერესებს საია იცავს.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უკვე მიიღო გადაწყვეტილებები სახელმწიფოთაშორის დავაზე, რომელიც ეხებოდა ომის მოვლენებს და საქართველოს სასარგებლოდ, რუსეთის ფედერაციას დაეკისრა 130 მილიონი ევროს გადახდა. ამ თანხის უზრუნველყოფა და ამ გადაწყვეტილების აღსრულება დამოკიდებულია იმაზე, შეასრულებს თუ არა რუსეთის ფედერაცია ამ გადაწყვეტილებას და როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, რუსეთის ფედერაცია ამ დროისთვის არ თანამშრომლობს ევროპის საბჭოსთან“ – აცხადებს ნონა ქურდოვანიძე.

მსგავსი თემები