თაღლითები „საქართველოს ბანკის“ კლიენტებს ძარცვავენ – გაფრთხილება მოსახლეობას

თაღლითების ჯგუფი, რომლებმაც „საქართველოს ბანკის“ ანალოგიური გვერდი შექმნეს, ბანკის კლიენტებს დაერივნენ და ანგარიშიდან მოტყუებით, თაღლითურად თანხებს აჭრიან. მათი მსხვერპლი არაერთია. წართმეული თანხის ოდენობაც სხვადასხვა.   

„მედიაცენტრი მთავარი“ „საქართველოს ბანკის“ სახელით თაღლითებისგან დაზარალებულ ერთ-ერთ მსხვერპლს ესაუბრა, რომელიც საკუთარ ისტორიას გვიყვება.

“საქართველოს ბანკიდან“ რომლის კლიენტიც ვარ, მომივიდა შეტყობინება, რომ რაღაც გათამაშება ჰქონდათ და თუ ჩავერთვებოდი აქციაში, საინტერესო პრიზს მოვიღებდი. უნდა მივყოლოდი იმ ინსტრუქციას, რაც ბანკიდან მომივიდა, მივყევი ინსტრუქციას და აღმოვაჩინე, რომ ანგარიშიდან 500 ლარი ჩამომეჭრა. გადავრეკე „საქართველოს ბანკში“ და როგორ მითხრეს, ისინი არ არიან, ეს არის რაღაც ყალბი ანგარიში, რომელიც კლიენტებს აზარალებს. ასევე მითხრეს, რომ ჩვენ ვერაფერს ვიზამთ, რადგანაც ამ ყალბ ანგარიშთან არანაირი კავშირი არ გვაქვსო.  როგორც აღმოჩნდა, „საქართველოს ბანკს“ ეს ინფორმაცია ჰქონდა და მითხრეს კიდეც, რომ დაზარალებულები გვირეკავენ და ჩვენს ოფიციალურ გვერდზე განცხადებაც გავავრცელეთ-ო. არადა, ის ანგარიში საიდანაც შეყტობინება მომივიდა, „საქართველოს ბანკის“ ანალოგია, ვერაფრით გაარჩევ და ვერაფრით მიხვდები, რომ ყალბია“ – უყვება ერთ-ერთი დაზარალებული „მედიაცენტრ მთავარს“.

აღნიშნული თაღლითობის შემდეგ, დაზარალებულმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე განცხადებაც კი გააკეთა: „ძვირფასო მომხმარებლებო, საქართველოს ბანკს Facebook-ზე (https://www.facebook.com/BankOfGeorgia) და Instagram-ზე (https://www.instagram.com/bankofgeorgia) აქვს მხოლოდ ერთი ოფიციალური ანგარიში. გავრცელდა რამდენიმე ყალბი ანგარიში, რომლებიც ცდილობენ თქვენს შეცდომაში შეყვანას. გთხოვთ, თქვენივე უსაფრთხოებისთვის, არ გადახვიდეთ საეჭვო ბმულებზე, რომლებიც ვრცელდება ამ ყალბი ანგარიშები.“

„მედიაცენტრი მთავარი“ შეეცადა დამატებითი ინფორმაცია თავად ბანკისგან მიეღო, თუმცა, დასვენების დღეებიდან გამომდინარე, ეს ვერ მოხერხდა.  იქიდან გამომდინარე, რომ ბანკს არასამუშაო დღეს დავუკავშირდით, ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ხათუნა კაკაბაძემ გვითხრა, რომ  რომ პასუხების გაცემა ორშაბათამდე ვერ მოხერხდებოდა.

„გამომიგზავნეთ კითხვები და შევეცდებით, ორშაბათს გიპასუხოთ. პასუხების გაცემა დამოკიდებულია კითხვების მოცულობაზე რომ შესაბამისი დეპარტამენტიდან შევძლოთ პასუხების მოძიება.

კითხვები გაგზავნილია და ველოდებით პასუხს. კერძოდ, საინტერესოა: 1. ფლობს თუ არა „საქართველოს ბანკი“ ინფორმაციას, მსგავსი თაღლითობის შესახებ: 2. აქვს თუ არა სტატისტიკა, დაზარალებული კლიენტების შესახებ, რომლებიც მათ ინფორმაციას აწვდიან; 3. შეატყობინა თუ არა „საქართველოს ბანკმა“ მათი სახელის გამოყენებით თაღლითობის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს; 4. დამატებით, რა ზომებს მიმართა ბანკმა საკუთარი კლიენეტებისა და იმიჯის უსაფრთხოებისთვის.   

ეკა გულუა 

მსგავსი თემები