მიწა, სადაც ცნობილი, მდიდარი და წარმატებული დინასტიები ცხოვრობდნენ

ოპერა წყალზე, დასასვენებელი სივრცე საყვარელი ქალებისთვის, „სამი ჩიხი“ და შვიდი ჩიხი“; მიწა, სადაც 400-მდე ცნობილი,  მდიდარი და წარმატებული ოჯახები ცხოვრობდნენ –  ეს ქალაქი ფუჟოუა აღმოსავლეთ ჩინეთში. ის  მდინარე მინძიანგზეა გაშენებული და  ფუჯიანის პროვინციის დედაქალაქია.

ქალაქის ისტორია ჩვენს წელთაღრიცხვამდე 202 წელს იწყება.  თანამედროვე სახელი „ტანგის დინასტიის“ დროს მიიღო. ეს არის ძველი უბანი, უძველესი, ისტორიული, ხის ნაგებობებით, რომელიც კონცენტრირებულია ძირითადად ორ მხარეში – ჟუზიფანგჯიე და სანფანგ ჩიქსიანგში. “სანფან ჩიქსიანგ” ნიშნავს “სამ ჩიხს და შვიდ ჩიხს”.

მოედანზე თავმოყრილია არაერთი  არქიტექტურული ძეგლი და ცნობილი ადამიანების რეზიდენცია. იმპერატორების დროს ამ მიწის ნაკვეთზე 400-მდე მდიდარი და ცნობილი ოჯახი ცხოვრობდა. დღეს კი ეს ყველაფერი მუზეუმადაა ქცეული, რომელიც მთავარ ყურადღებას თავისი სიძველითა და ისტორიით იქცევს. ერთმანეთის მიყოლებით ჩამწკრივებული უძველესი ხის, რიკულებიანი სახლები სხვადასხვა წარმატებულ ოჯახს ეკუთვნოდა. ყველა სახლზე სწორედ ის ტრაფარეტებია გამოსახული, თუ ვინ ცხოვრობდა ამ კონკრეტულ სახლში.

სანფანგ ჩისიანი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. ამ  ისტორიულ კვარტალს ათასობით ტურისტი სტუმრობს და სახლების ისტორიას ეცნობიან, სადაც ქვეყანაში ცნობილი ადამიანები ცხოვრობდნენ.

აქ ვნახე ოთახები, ნივთები, დასასვენებელი სივრცეები, წარწერები, ფრაზები, რასაც აქ მაცხოვრებელი კონკრეტული ცნობილი ადამიანები იყენებდნენ.

აქ ცოცხლდება ჩინური კულტურა, ისტორია და წარსული.

აქვეა მოწყობილი იმპერატორების დასასვენებელი სივრცე, ცალკე განყოფილება, სადაც ოპერას უსმენდნენ. რაც არ უნდა გაგიკვირდეთ სცენა წყალშია განთავსებული. როგორც ამიხსნეს, ეს იმიტომ, რომ მაშინ   ოპერის მომღერლები მიკროფონის გარეშე მღეროდნენ და წყალს აკუსტიკის დანიშნულება ჰქონდა.

დასასვენებელ სივრცეშია მოწყობილი „საიმპერატორო მაგიდა“, რომელიც ცნობილმა ადამიანებმა, ვინც აქ ცხოვრობდნენ, თავიანთი საყვარელი ქალებისთვის მოაწყვეს. ეს არის სპეციალური ხისგან გამოთლილი გრძელი მაგიდა გრძელი სკამებით. როგორც ამბობენ, ვინც ამ ადგილას მოხვდება, ჩამოჯდება, დაისვენებს და ფოტოებს გადაიღებს, ბედნიერება და სიყვარული ელოდება.

ყველა სახლში შენარჩუნებულია ის ძველი ავეჯი, რომლსაც სხვადასხვა დინასტიის წარმომადგენლები იყენებდნენ, ასევე ჭურჭელი. დღეს, აქ წარმოდგენები ისევ იმართება, თუმცა, მხოლოდ მაშინ, როცა განსაკუთრებული დღესასწაულებია.

საიმპერატორო დინასტიები, რომლებიც სხვადასხვა დროს ფუნჯიანის პროვინციაში ცხოვრობდნენ, პერიოდულად კულტურულ ღონისძიებებსაც მართავდნენ. განსაკუთრებით კი ოპერა ხიბლავდათ. ეს ყველაფერი კი დღეს ტურისტულ ზონად არის ქცეული.

ეკა გულუა ჩინეთიდან

როგორია დასასვენებელი სივრცე იმპერატორის საყვარელი ქალებისთვის (ვიდეო)

სცენა წყალში და ოპერა იმპერატორებისთვის (ვიდეო)

როგორ და სად ცხოვრობდნენ, ერთობოდნენ და ისვენებდნენ დინასტიები – “მედიაცენტრი მთავარი” ჩინეთიდან ( ვიდეო)

მსგავსი თემები