,,საქმე ეხება საკადრო გადაწყვეტილებას, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის მისაღებია”- პაპუაშვილი კეკელიძეზე

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, გიორგი კეკელიძის თანამდებობიდან გათავისუფლებას ეხამიანება. მისი თქმით,  ეს “საკადრო გადაწყვეტილება” იყო, რომელიც ეროვნული ბიბლიოთეკის შემდგომი განვითარებისთვისაა მნიშვნელოვანი.

,,მქონდა მე გუშინ შეხვედრა ბატონ გიორგისთან. უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ რაც შეეხება ეროვნულ ბიბლიოთეკას, ეროვნული ბიბლიოთეკა არის უფრო დიდი, უფრო მეტი, ვიდრე ვართ თითოეული ჩვენგანი ინდივიდები, თითქმის 200 წლოვანი ისტორიით. ამიტომ, რა თქმა უნდა, ის საქმე, რომელიც ეროვნული ბიბლიოთეკაში წლების განმავლობაში კეთდებოდა, არის მნიშვნელოვანი საქმე. ამის უკან დგას დიდი კოლექტივი ეროვნული ბიბლიოთეკის, რომელმაც სწორედ იმ სახით მოიტანა ჩვენამდე ეროვნული ბიბლიოთეკა, როგორითაც ის არის და, ასევე, მომავლის ხედვით, რომელიც მას აქვს.

მე, რა თქმა უნდა, მადლობელი ვარ ბატონი გიორგის, ყველა იმ კარგი საქმისთვის, რომელიც მან, მის კოლექტივთან ერთად გააკეთა. რაც შეეხება გადაწყვეტილებას, ეს არის საკადრო გადაწყვეტილება, რომელიც მნიშვნელოვანია ეროვნული ბიბლიოთეკის შემდგომი განვითარებისთვის. დამატებით კომენტარს და განმარტებას ამ საკითხთან დაკავშირებით არ ვაპირებ…ჩვენ გვქონდა საუბარი გუშინ ბატონ გიორგისთან, არა მხოლოდ ამ საკითხზე, ზოგადად, ვისაუბრეთ ბევრ საკითხთან დაკავშირებით და ამიტომ მე დამატებით კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ, რადგან საქმე ეხება საკადრო გადაწყვეტილებას, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის მისაღებია.

ვფიქრობ, მნიშვნელოვანი არის, რომ ახალი ხელმძღვანელი, გუშინ ითქვა კიდევაც, რომ ბატონი კონსტანტინე გამსახურდია იქნება…უახლოეს დღეებში მოხდება მისი ოფიციალური დანიშვნა,” – ამბობს პაპუაშვილი.

მსგავსი თემები