,,ჯერ კიდევ არ ჩანს ოპოზიციის სტრატეგიის კონტურები, როგორ წარდგებიან 2024 წლის გარდამტეხ არჩევნებზე”- თეონა აქუბარდია

ჯერ კიდევ არ ჩანს ოპოზიციის სტრატეგიის კონტურები, როგორ წარდგებიან 2024 წლის გარდამტეხ არჩევნებზე. საუბარია არა პარტიულ პროგრამებზე, არამედ საერთო ხედვაზე, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციაში შინაარსის დეფიციტი არის და შინაარსი უნდა უკავშირდებოდეს მოსახლეობისთვის საჭირბოროტო საკითხებს.

„ერთპარტიული სიით არავინ გადის და ეს სწორია. 5-პროცენტიანი ბარიერის არსებობა მნიშვნელოვანი გამოწვევაა და თუ გამსხვილება არ მოხდება, ეს „ქართულ ოცნებას“ შესაძლებლობას მისცემს, გადაუნაწილებელი მანდატები თავის ყულაბაში წაიღოს და უმრავლესობა შეინარჩუნოს. ამიტომ კონსულტაციები დროზეა დასაწყები, რათა არ იყოს შესაძლებლობა, პარტიები ხუთი პროცენტის მიღმა დარჩნენ და ეს ხელისუფლებისთვის სასარგებლო არ აღმოჩნდეს. პოლიტიკიდან გასვლას არ ვაპირებ, თუმცა კონსულტაციები ჯერ არ მქონია. როცა შინაარსი გამოჩნდება, მათ შორის გარკვეული ხედვა, აქედან დაიწყება კონსულტაციები. ვფიქრობ, ოპოზიციაში შინაარსის დეფიციტი არის და შინაარსი უნდა უკავშირდებოდეს მოსახლეობისთვის საჭირბოროტო საკითხებს, ასევე იმ ფორმას, რამაც უნდა მისცეს რწმენა, რომ ოპოზიციას არჩევნების მოგება შეუძლია. ეს ნამდვილად შესაძლებელია, მაგრამ პარტიული საქმიანობის მთავარი შინაარსი უნდა იყოს, როგორ და რა ფორმით მოხდება მიზიდულობის ცენტრის შექმნა“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

მსგავსი თემები