კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ კვებითი მომსახურების სექტორში არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი დაადგინა

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, სწრაფი კვების მომსახურების სექტორში, მოკვლევის პროცესი დაასრულა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი დაადგინა.

კერძოდ, საკითხი ეხებოდა შპს ,,წერეთლის მექსიკურის“ საჩივრის საფუძველზე დაწყებულ საქმის შესწავლას – შპს ,,მექსიკური ჰოტ-დოგი წერეთელზე“ და შპს ,,მექსიკური წერეთელზე N1“-ს მიმართ.

მოკვლევის შედეგად დადასტურდა  – მომჩივანი კომპანიის სასაქონლო ნიშნებისა და გარეგნული იერსახის გამოყენების ფაქტები. შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით  ორ კომპანიას  (,,მექსიკური ჰოტ-დოგი წერეთელზე“ და ,,მექსიკური წერეთელზე N1)    შესაბამისი ფინანსური სანქცია დაეკისრათ და კანონდარღვევის აღმოფხვრა დაევალათ. მხარეებს უფლება აქვთ სააგენტოს გადაწყვეტილება გაასაჩივრონ თბილისის საქალაქო სასამართლოში.

2023 წელს, სააგენტომ დაასრულა 5 მოკვლევა – დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენების, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის, შეთანხმებული ქმედების და სახელმწიფო ადმინისტრაციული უწყებების მხრიდან კონკურენციის შესაძლო შეზღუდვის მიმართულებით. აქედან, 1 შემთხვევაში დარღვევა არ დადგინდა, 1 შემთხვევაში განმცხადებლის მოთხოვნით შესწავლა შეწყდა, 3 შემთხვევაში დარღვევა დადგინდა და გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები. მოკვლევა ეხებოდა საავტომობილო საწვავის, თამბაქოს, საზღვაო გადაზიდვების, ავტოტექნიკური ინსპექტირების და სამშენებლო/ინფრასტრუქტურული მომსახურების ბაზრებს.

ამავე პერიოდში, 6 საქმეზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ამ დროსთვის, სააგენტო 4 საკითხთან მიმართებით მოკვლევის პროცესს აწარმოებს – ფარმაციის, კინოთეატრების ელექტრონული რეალიზაციის, ავტოსადგომების და საკვები პროდუქტების ბაზრების მიმართულებით.

მსგავსი თემები