ოკუპანტების მიერ უკანონოდ გატაცებული ვასიკო ქენქაძე თავისუფალია

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ სოფელ ბალაანის მიმდებარე ტერიტორიიდან უკანონოდ გატაცებული ვასიკო ქენქაძე თავისუფალია. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

,,რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ სოფელ ბალაანის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ვასიკო ქენქაძე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

ვასიკო ქენქაძის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა „ცხელი ხაზის“ მექანიზმი. უკანონო პატიმრობიდან მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ დაყენებული იქნა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 115-ე შეხვედრაზე. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში აწვდიდა საერთაშორისო პარტნიორებს.

ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად.

ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას”, – წერია განცხადებაში.

მსგავსი თემები