ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „თავდაცვის კოდექსში“ ცვლილებას მხარი დაუჭირა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „თავდაცვის კოდექსში“ შესატან ცვლილებაზე იმსჯელა.

თავდაცვის მინისტრის მოადგილის, გრიგოლ გიორგაძის განმარტებით, გადავადების უფლებით ისარგებლებს პირი, რომელიც არის საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი. ის ამ უფლებით ისარგებლებს სწავლების თითოეულ საფეხურზე სწავლის დამთავრებამდე.

გადავადების უფლებით ისარგებლებენ ის სტუდენტები, რომლებიც უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ისეთ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლობენ, რომელიც სრულად დისტანციური სწავლების ფორმით არ ხორციელდება.

პირს, რომელიც ვერ ისარგებლებს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით სრულად დისტანციური სწავლის გამო, კანონი მისცემს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის მისაღები ფორმით გავლის შესაძლებლობას.

კანონპროექტის თანახმად, პირს უფლება აქვს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ გადაწყვეტილება, ასევე, პირის მიმართ „თავდაცვის კოდექსის“ საფუძველზე მიღებული სხვა ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც დაკავშირებულია წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან, მისთვის ოფიციალურად გაცნობიდან 15 კალენდარული დღის ვადაში გაასაჩივროს სასამართლოში. აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას.

„აღნიშნული ცვლილება უზრუნველყოფს თავდაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების დროულად აღსრულებას“, – განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს.

მსგავსი თემები