უბედური შემთხვევა კალანდაძის ქუჩაზე, რომელსაც 16 წლის მოზარდი ემსხვერპლა

ორთჭალაში. კალანდაძის ქუჩაზე, სატვირთო ავტომობილი მოზარდს შეეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

ცნობილია, რომ 16 წლის ბიჭი, სავარაუდოდ, სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა, სატვირთოს კი, რომელსაც მშენებლობაზე მძიმე ტვირთი მიჰქონდა, სიმძლავრე არ ეყო და მუხრუჭმაც უმტყუნა.

უკან დაგორებულმა რამდენიმეტონიანმა ავტომობილმა ათ მეტრზე მეტი უკონტროლოდ იმოძრავა, ჯერ ბავშვს შეეჯახა, შემდეგ განათების ბოძს და გაჩერდა.

ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, აღნიშნულ ქუჩაზე სატვირთოებს ციცაბო აღმართზე ასვლა ხშირად უჭირთ და ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც დატვირთულმა ავტომობილმა სახიფათო ვითარება შემქნა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ტრაილერის მძღოლი დაკავებულია. გამოძიება კი 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

მსგავსი თემები