„ნაციონალურ მოძრაობაში“ 23 ნოემბერს ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებები იქნება მიღებული – ლევან ხაბეიშვილი

20 წელი გადის 23 ნოემბერს „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, მაშინ საქართველოს მოქალაქეებმა პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად დაამარცხეს კორუფცია, ჭაობიდან შექმნეს სახელმწიფო, ქვეყანა მიდიოდა წინ ძალიან დიდი ნაბიჯებით, მათ შორის ევროპული ოჯახისკენ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, 23 ნოემბერს ძალიან მნიშვნელოვან პოლიტიკური გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.

„ერთ რამეში ვარ დარწმუნებული, რომ წინა სასამართლო სხდომაზე საჯაროდ გაკეთებული განცხადება პრეზიდენტ სააკაშვილის, ცხადია, ეხებოდა ნიკა მელიას. დარწმუნებული ვარ, მანიფესტი, რომელიც საჯაროდ თქვა პრეზიდენტ სააკაშვილმა, რომ იქნება, მივესალმებით. ვუერთდებით „ნაციონალური მოძრაობა“ ყველა ისეთ მანიფესტს, რომელიც მოწოდებული იქნება ერთობისკენ. დაველოდოთ 23 ნოემბერს, ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია და მათ შორის იქნება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებიც. მგონია, რომ უფრო მნიშვნელოვანი არის 23 ნოემბერს სხვა პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომელსაც საზოგადოება ნახავს, ვიდრე კონკრეტული ერთი ადამიანის ჭირ-ვარამი.

23 ნოემბერს ძალიან მნიშვნელოვან პოლიტიკური გადაწყვეტილებები იქნება მიღებული „ნაციონალურ მოძრაობაში“, გამარჯვების კოალიციაში. ჩვენ კოალიციურად ვაპირებთ ყველა გადაწყვეტილების მიღებას. შესაბამისად, საზოგადოებას ეცოდინება „ნაციონალური მოძრაობის-სტრატეგია აღმაშენებლის“, ანუ გამარჯვების კოალიციის სტრატეგია სამომავლოდ. შესაბამისად, დაველოდოთ 23 ნოემბერს. რაც შეეხება კონკრეტულ ადამიანებს, ამასთან დაკავშირებითაც იქნება კონკრეტული გადაწყვეტილებები“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მსგავსი თემები