ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაციას 9 დათქმით გაუწევს – რადიო თავისუფლება

ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას 9 მნიშვნელოვანი დათქმით გაუწევს რეკომენდაციას. ამის შესახებ “რადიო თავისუფლება” საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

ბრიუსელში “რადიო თავისუფლების” წყაროების თანახმად, ევროკომისრები ამ დროისთვის შეთანხმებული არიან, საქართველოს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან გაუწიონ რეკომენდაცია, რომ მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი იმ დათქმით, რომ ქვეყანა ცხრა მიმართულებით გადადგამს ნაბიჯებს.

რეკომენდაციებიდან დათქმებში გადმოინაცვლებს:

  • პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა;
  • სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა – განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში;
  • ქვეყანაში ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლების გაუმჯობესება – და ცესკოსთან ერთად, ჩამონათვალს დაემატება ეროვნული ბანკი და კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია;
  • სასამართლო რეფორმა;
  • კორუფციასთან ბრძოლა;
  • დეოლიგარქიზაცია;
  • ადამიანის უფლებების, უმცირესობების, მედიისა და სამოქალაქო აქტივისტების უფლებების დაცვა.

9 დათქმიდან ზოგიერთი ახალია, მათ შორის დათქმა ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და “უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან” ბრძოლა.

ევროკომისია ასევე ყურადღებას ამახვილებს საჭიროებაზე, რომ საქართველომ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა ევროკავშირისას დაუახლოოს. ამჟამად ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს თანხვედრის მაჩვენებელი დაახლოებით 43%-ია, – როდესაც ორიოდე წლის წინ 60%-ს აჭარბებდა. გაცილებით მაღალია მოლდოვისა და უკრაინის მაჩვენებლები.

ევროკომისიის გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით 15:00 საათზე ოფიციალურად გამოცხადდება, საბოლოო გადაწყვეტილებას კი ევროპული საბჭო დეკემბერში მიიღებს.

მსგავსი თემები