,,გრძელდება შეხვედრები ქვეყნებთან, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერის მიმართულებით” – პაპუაშვილი

,,იმ ქვეყნებთან შეხვედრები გრძელდება, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერის მიმართულებით. იმ ქვეყნებთან გვქონდა შეხვედრები, ვინც თავს იკავებს რეზოლუციების მხარდაჭერისგან გაეროში ან ამ რეზოლუციებს მხარს არ უჭერენ”. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ანგოლოს დედაქალაქ ლუანდაში ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.

,,მათ ავუხსენით, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს რეზოლუციებს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ზოგადად საერთაშორისო სამართლის წესრიგისთვის და საბოლოო ჯამში თითოეული ქვეყნისთვის. იმედი გვაქვს, რომ ეს ქვეყნები საკუთარ პოზიციას დადებითისკენ შეცვლიან და გაეროში უფრო მეტი მხარდაჭერა გვექნება. საუბარი გვქონდა იმაზე, თუ რატომ არის მხარდაჭერა მნიშვნელოვანი. მხარის დაჭერის ან არდაჭერის საფუძვლები სხვადასხვა გავლენებია, რაც შეიძლება ამა თუ იმ ქვეყანაზე იყოს. ჩვენ საბოლოო ჯამში ვხსნით, საერთო სიკეთისთვის თუ რა მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვას და ამ კონტექსტში რეზოლუციის მხარდაჭერას. მყარი მხარდაჭერა მივიღეთ იმ ქვეყნებისგან, რომელთაც ბოლო პერიოდში პოზიტიურისკენ შეცვალეს წინა გადაწყვეტილება და გაეროში საქართველოზე რეზოლუციას მხარი წელს პირველად დაუჭირეს. დაპირება მივიღეთ, რომ აპირებენ, გააგრძელონ რეზოლუციისთვის ხმის მიცემა. მნიშვნელოვანია, რომ მიღწევები, რომელიც გვაქვს, შენარჩუნდეს და განმტკიცდეს.

რაც შეეხება არაღიარებას, მიუხედავად იმისა, რეზოლუციის მიმართ როგორი პოზიცია აქვთ ხოლმე, მყარი გარანტია მივიღეთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღიარების და არაღიარების პოლიტიკის არდარღვევის. ეს არის მთავარი განსაზღვრული ნაწილი ჩვენი საუბრის.

გარდა იმისა, რომ რეზოლუციის მხარდაჭერა იყო, უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერას და ამ მხრივ ყველა შეხვედრაზე სრული მხარდაჭერა დაფიქსირდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ყველა შეხვედრაზე გამოირიცხა არაღიარების პოლიტიკიდან რაიმენაირი გადახვევა”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები