უკრაინის მოქალაქეს საქართველოში არ უშვებენ – ,,ერთი კვირაა სარფის საბაჟოსთან დგას”

უკრაინის მოქალაქეს, ოლექსანდრ იურევიჩს სარფის საბაჟოზე შემოსვლის უფლება არ მისცეს. ინფორმაცია ამის შესახებ გამოცემა ,,ბათუმელებს” მისმა მეგობარმა მიაწოდა.

,,ჩემი საქმრო ერთი კვირაა სარფის საბაჟოსთან დგას და არ უშვებენ. წვიმაში, ქარში გარეთ უწევს ყოფნა. არაფერი აქვს – არც საკვები, არც ფული. მშიერ-მწყურვალია დარჩენილი და ვცდილობ როგორ დავეხმარო. ძლიერი წვიმების დროს, საზღვარზე ახლოს მეჩეთს შეაფარა თავი და ღამითაც, მეჩეთის კარებთან სძინავს. ოთხჯერ სცადა შემოსვლა, მაგრამ ყველა ჯერზე უარი უთხრეს. კონკრეტული მიზეზი არ უთქვამთ, თუ რატომ არ უშვებენ საზღვარზე, თუმცა ფურცელი, რომელიც საბაჟოზე მოგვცეს, მონიშნულია მუხლი, სადაც წერია, რომ ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს. თუმცა, კონკრეტულად რას, არ გვეუბნებიან”, – ამბობს ლიკა დიასამიძე.

მისი თქმით, ოლექსანდრ იურევიჩი საქართველოში ოთხი თვის წინ, პოლონეთიდან შემოვიდა და ამ ხნის მანძილზე აქ იმყოფებოდა.

,,როცა პირველად შემოვიდა ქვეყანაში, ლტოლვილის სტატუსი მაშინ უნდა მოგეთხოვათო, გვითხრეს. მას ჰყავს დედა და და, რომლებიც პოლონეთში იმყოფებიან. ოლექსანდრს კი საქართველოში აქვს გადაწყვეტილი ცხოვრება, მუშაობდა კიდეც, ქართულსაც სწავლობს და სერტიფიკატიც კი აიღო ელექტრო-შემდუღებლის. ვაპირებთ დაქორწინებასაც, თუმცა ახლა ასეთი პრობლემები შეგვიქმნა სახელმწიფომ”, – ამბობს ლიკა დიასამიძე.

მისი თქმით, ოლექსანდრ იურევიჩი ითხოვს თავშესაფარს საქართველოში და სთხოვს ქართულ სახელმწიფოს მისცეს საზღვრის კვეთის შესაძლებლობა.

მსგავსი თემები