გურიის მასშტაბით, პოეტის – პაატა მახარაძის (ბართოლომეო) სახელობის კონკურსი გამოცხადდა

დღეს, 5 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ქალაქ ლანჩხუთში, თემურ ფირცხალაიშვილის სახელობის შემოქმედებით მუზეუმში, აწ გარდაცვლილი გურული, წარმოშობით ნატანებელი პოეტის – პაატა მახარაძის (ბართოლომეო) შემოქმედებითი საღამო გაიმართება, რომელიც 2021 წლის 6 სექტემბერს ტრაგიკულად გარდაიცვალა ავტოავარიის შედეგად.

სიახლე: გამოცხადდა აწ გარდაცვლილი გურული ავტორის, პაატა მახარაძის “ბართოლომეო” სახელობის ლიტერატურული კონკურსი, სახელწოდებით “მე ვიმღერებ, შენ აშენე“(ფრაზა აღებულია პაატა მახარაძის ლექსიდან) და ეს ფრაზა ინდივიდუალური ინტერპრეტაციით უნდა იქნეს გამოყენებული მოსწავლეების მიერ დაწერილ ესსეში თუ ლექსში.

პროექტის მიზანია გურიის რეგიონში ლიტერატურული ცხოვრების გააქტიურება და ახალგაზრდების ჩართულობა უშუალოდ ამ პროცესებში. ასევე, გურიის რეგიონების მასშტაბით გამოვლინდეს სკოლის მოსწავლეების მიერ (მეცხრე კლასიდან მეთორმეტეს ჩათვლით) შექმნილი 1 პოეტური ნაწარმოები, ან ესსე , რომელიც არსად დაბეჭდილა. (ბეჭდური მედია, სოც. ქსელი და ა.შ). მასალების მიწოდების ბოლო ვადაა 1 თებერვალი.

მოსწავლეებმა, ნამუშევარს თან უნდა დაურთონ სახელი, გვარი და საკონტაქტო ნომერი. ნამუშევრებს შეაფასებს კომპენტენტური ჟიური.

გამარჯვებული, ანუ 3 ფინალისტი (როგორც პოეზიაში, ასევე პროზაში) გამოვლინდება 2023 წლის 15 ივნისს, ფინალური საღამო კი გაიმართება 2023 წლის ივლისის თვეში (თარიღი და ადგილი ჯერ უცნობია) სადაც ფინალისტებთან ერთად მოწვეული იქნება კონკურსის ყველა მონაწილე (რომლებიც დაჯილდოვდებიან ფულადი პრემიით, სიგელებით და ასევე სიმბოლური საჩუქრებით, რომელსაც სიურპრიზად ვიტოვებთ…), ჟიურის წევრები, პოეტის და, მშობლები, ოჯახი და კიდევ ბევრი საინტერესო სტუმარი.

პროექტის ავტორები: პოეტი, მსახიობი სოფიო ღლონტი და მუსიკოსი, “ბართოლომეო“, პაატა მახარაძის და, ბელა ბერკემერ-მახარაძე.

ჟიურის შემადგენლობაში არიან:  თემურ მარშანიშვილი,(ლიტერატურული გურიას რედაქტორი, პოეტი, ჟურნალისტი); გულო ნიკოლეიშვილი,(პოეზიის თეატრის რეჟისორი);  ნანა ცინცაძე, (ექიმი, პოეტი); დარო ბიწაძე, (თემურ ფირცხალაიშვილის სახ.მუზეუმის დირექტორი, პედაგოგი);  ნინიკო მშვიდობაძე,(პოეტი);  ოტია ტრაპაიძე,(პედაგოგი, პოეტი);  ლავრო კოსტავა, (ნატანების მე 2 საშუალო სკოლის დირექტორი, ფილოლოგი);  ლაშა ბოლქვაძე (ზემო ნატანების სკოლის დირექტორი, მწერალი);  სოფიო ღლონტი (მსახიობი, პოეტი, გამომცემელი).

(იდეის ავტორების შეთანხმებით, ყოველი ჟიურის წევრი გურულია) მომავალში პროექტი, პაატა მახარაძის “ბართოლომეო” სახელობის ლიტერატურული კონკურსი მიიღებს მაშტაბურ ხასიათს, ამჯერად ის მხოლოდ რეგიონალურად ჩატარდება.

Ps. მასალები გაიგზავნება შემდეგ მისამართზე: belageorgia@yahoo.de

მსგავსი თემები