დალაი ლამას სასახლეში 3 000 კილოზე მეტი სუფთა ოქროა გამოყენებული – რეპორტაჟი ტიბეტიდან

პოტალას სასახლე, სადაც დალაი ლამა ცხოვრობს, ლასაში, ტიბეტის დედაქალაქში მდებარეობს. სასახლეში შიგნით გადაღება არ შეიძლება, თუმცა, შევეცდები დაწვრილებით მოგიყვეთ რა ვნახე და რა ხდება სასახლეში.

სასახლე სულ 13 სართულიანია. ის 3700 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. პოტალას სასახლე აგებულია კლდეზე, ბორცვზე 130 მეტრის სიმაღლეზე. სასახლეში შედიხარ მაღალი და საკმაოდ დამრეცი კიბეებით. მოაჯირს თუ კარგად არ მოკიდე ხელი, ასვლა ნამდვილად გაჭირდება. მოაჯირი მსხვილი ხის მასალისგანაა დამზადებული. სასახლეში იატაკი ბეტონისაა. მიდიხარ წრიულად, გხვდება სხვადასხვა დალაი ლამას დარბაზი, ბუდას ქანდაკებები, უამრავი ხალხი, რომელიც რიტუალს ასრულებს.

მიუყვები ვიწრო ბილიკს და თან ათვალიერებ და ეცნობი სხვადასხვა თაობის დალაი ლამას ისტორიას. თან გხვდებიან შინდისფერ სამოსში გამოწყობილი ბერები, გიღიმიან, გესალმებიან, შეგიძლია გაესაუბრო კიდეც. კითხულობენ ბუდიზმის წმინდა წერილებს, ლოცვებს.

წრიულად მოივლი ერთ სართულს, შემდეგ ისევ ძალიან დამრეცი ხის კიბეებით ადიხარ შემდეგ სართულზე და ასე გრძელდება 13 სართულის ჩათვლით. სასახლეში უამრავი მომლოცველია.

აქ არის ორი – წითელი და თეთრი სასახლე. თეთრი სასახლის მშენებლობა 1645 წელს დაიწყო და მეხუთე დალაი ლამა იქ გადავიდა მონასტრიდან. შემდეგ აშენდა წითელი სასახლე. მეხუთე დალაი როცა გარდაიცავა, 1682 წელს, მისი სიკვდილი იმალებოდა წითელი სასახლის დასრულებამდე – 12 წლის განმავლობაში. მისი გარდაცვალების შესახებ არ იყო ცნობილი, სანამ არ დაკრძალეს ახლად აშენებულ წითელ სასახლეში.

საინტერესოა თავად წითელი სასახლის ფერის შემადგენლობა. ის შეიცავს თაფლს, რძეს, საღებავს და წებოს. კედელი ხის ნარჩენებითაა მოპირკეთებული. კედელს ხელი რომ მოვკიდე, მთლიანად წითლად შემეღება.

მთავარ დარბაზში დგას ბუდას უდიდესი ქანდაკება, რომელსაც „მომავლის ბუდას“ უწოდებენ. ის არის ყველაზე დიდი ბრონზეს ქანდაკება, რომელიც მერვე დალაი ლამას დროს დაიდგა.

ქანდაკებების დიდი ნაწილი და სასახლის მაკეტი, რომელიც პოტალას სასახლეშია განთავსებული, მთლიანად ოქროსია. ჯამში კი 3 000 კილოზე მეტი ოქროა აქ დახარჯული. ადიხარ ერთი სართულიდან მეორეზე და ეცნობი სხვადასხვა დალაი ლამას ისტორიას. თან გხვდებიან მომლოცველები, რომლებსაც ქილით ან პლასკილატით მოაქვთ ერბო, რომელსაც ან ბერებს აწვდიან ან იქვე, უზარმაზარ თასში ათავსებენ, სადაც სანთლები იწვის.

უფრო გასაგები რომ იყოს, საქართველოში როგორც ზეთს ვიყენებთ ტაძრებში, იქ კი ზეთის ნაცვლად გამოყენებულია ერბო, რომელიც უზარმაზარ თასშია მოთავსებული და იქ ანთია სანთლები.

უფრო მეტი კი რეპორტაჟში (ნაწილი 2)

ეკა გულუა ტიბეტიდან

პოტალას სასახლე, სადაც დალაი ლამა ცხოვრობს – რეპორტაჟი ტიბეტიდან

მსგავსი თემები