„აზია უნდა გადაიქცეს გლობალური მშვიდობის საიმედო გარანტიად“ – სი ძინპინი სპორტული დღესასწაულის გახსნაზე

ჩინეთში, კერძოდ კი ჰანჯოუში ზაფხულის აზიური თამაშების მე-19 სეზონი გრანდიოზული სანახაობით გაიხსნა. გაიმართა გალა მიღება, რომელშიც თავად პრეზიდენტი სი ძინპინი მონაწილეობდა. როგორც მან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, სიმბოლურია, რომ სეზონის გახსნა „შემოდგომის ბუნიობის“ დღესასწაულს დაემთხვა.

„ჩინეთის მთვარის კალენდრის მიხედვით დღეს აღინიშნება “კიუფენი (შემოდგომის ბუნიობა). უაღრესად სიმბოლურია, რომ აზიური თამაშების ალი ხელახლა აინთება ჩინეთში მოსავლისა და ოჯახის გაერთიანების სეზონის დროს. თამაშების მასპინძლობის გამოცხადების შემდეგ, ჩინეთი ყველა ღონეს ხმარობს თავისი დაპირების შესასრულებლად და ორგანიზაციული მუშაობის სრულყოფილად წინსვლისთვის“ – აღნიშნა პრეზიდენტმა.

ზაფხულის აზიურ თამაშებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის გუნდები მონაწილეობენ. სი ძინპინის თქმით, ეს არის სანახაობრივი სპორტული დღესასწაული, რომელიც აერთიანებს ჩინურ სტილსა და აზიურ არომატს.

„აზიური თამაშები განასახიერებს აზიის ხალხის მისწრაფებებს მშვიდობის, სოლიდარობისა და ინკლუზიურობისკენ.

ბოლო ათწლეულების განმავლობაში აზიამ შეინარჩუნა სტაბილურობა და სწრაფი ეკონომიკური ზრდა, რითაც გაახარა მსოფლიო “აზიური სასწაულით”. აზიური თამაშები კი ამ პროცესის ერთგვარი მოწმე და მონაწილეა” – აღნიშნა სი ძინპინმა გალა მიღებაზე.

მან აზიელების საერთო ღირებულებებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ სპორტის პოტენციალი მათ შორის ერთ-ერთია.

„ჩვენ აზიელებს გვაერთიანებს საერთო მთები, ზღვა, კულტურული და ჰუმანიტარული ღირებულებები და საერთო ბედი. ამ კუთხით, მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია სპორტის პოტენციალის გამოყენება მშვიდობის განმტკიცებაში, კეთილმეზობლობისა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის პრინციპების დაცვა და ცივი ომის მენტალიტეტისა და ბლოკის დაპირისპირების მტკიცედ მიტოვება, რათა აზია გადაიქცეს გლობალური მშვიდობის საიმედო გარანტიად“ – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, მსოფლიოს დღეს ყველაზე მეტად გაერთიანება სჭირდება და მისი ერთ-ერთი საშუალება სპორტია.

„სპორტსმენების რეკორდული რაოდენობა და ყველაზე ვრცელი სპორტული პროგრამა აჩვენებს აზიის ქვეყნების ხალხის დიდ ენთუზიაზმს და ძლიერ მხარდაჭერას ჰანჯოუს თამაშებისთვის. რადგან კაცობრიობა უპრეცედენტო გლობალური გამოწვევების წინაშე დგას, ჩვენ გვჭირდება წინსვლა, რათა გავერთიანდეთ სპორტის საშუალებით, გამოვიყენოთ ისტორიული შესაძლებლობები, გავაერთიანოთ ძალები გამოწვევების დასაძლევად, პრაქტიკაში განვახორციელოთ აზიური თამაშების დევიზი „ყოველთვის წინ“ ერთობლივი განვითარების, ღიაობისა და ინტეგრაციის მიზნით“ – აღნიშნა პრეზიდენტმა სი ძინპინმა.

მან ჰანჯოუში მარკო პოლოს მოგზაურობაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ  ქალაქი ჰანჯოუ ცნობილია თავისი უხვად მიწით და მთების, წყლის გზების, ხიდებისა და არქიტექტურული საოცრებების მომხიბლავი კომბინაციით, რის გამოც მას მარკო პოლომ დედამიწის ყველაზე ლამაზი და დიდებული ქალაქი უწოდა.

 

ეკა გულუა პეკინიდან

მსგავსი თემები