ბაბუშერას ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა

დღეს, ბაბუშერას ტრაგედიის დროს დაღუპულებს იხსენებენ. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, დირექტორის პირველმა მოადგილემ, ნიკოლოზ კვეზერელმა, მოადგილეებმა, მირონ ჩიგოგიძემ და ჯანდრი უბირიამ, უწყების წარმომადგენლებმა, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებმა, დაღუპულთა ოჯახის წევრებთან ერთად, დიღმის ძმათა სასაფლაოზე, 30 წლის წინ, ბაბუშერას აეროპორტში დატრიალებული ტრაგედიის მსხვერპლთა მემორიალი და მათი საფლავები გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს.

1993 წლის 22 სექტემბერს, თვითმფრინავს, რომელიც თბილისიდან სოხუმში მიფრინავდა და რომლის ბორტზეც სამხედრო პოლიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, სპეცდანიშნულების რაზმის წევრები, საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის მეომრები, გვარდიის მებრძოლები, სამხედრო შენაერთ “მხედრიონის” წევრები, მოხალისეები, სამედიცინო მუშაკები და სამოქალაქო პირები იმყოფებოდნენ, რუსული სამხედრო ხომალდებიდან ცეცხლი გაუხსნეს. მფრინავმა შეძლო, ცეცხლში გახვეული თვითმფრინავი სოხუმის (ბაბუშერას) აეროპორტში დაესვა, მაგრამ, სამწუხაროდ, ავიალაინერში მყოფი 100-ზე მეტი მგზავრიდან, მხოლოდ 16 გადარჩა, დანარჩენი კი _დაიღუპა. მათი ცხედრები აეროპორტთან ახლოს დაკრძალეს.

აფხაზეთში საომარი მოქმედებების დასრულებიდან გარკვეული დროის შემდეგ, ბაბუშერას სამარხიდან, ნეშტების ამოცნობა და გადმოსვენება მოხერხდა; 2010 წელს, წითელი ჯვრის ეგიდით, შეიქმნა ორმხრივი საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც 1992-1993 წლებში, აფხაზეთის ომში, უგზო -უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხებს შეისწავლის. აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების შედეგად, გადაწყდა, ბაბუშერას ძმათა და აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული სხვა სამარხების გახსნა, ცხედრების იდენტიფიცირება და გადმოსვენება. გადმოსვენების პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს. ბაბუშერას ტრაგედიის მსხვერპლთა ნეშტები, დიღმის ძმათა სასაფლაოზეა დაკრძალული. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა იდენტიფიცირებისა და მათი გადმოსვენებისათვის, სახელმწიფოსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის ერთობლივი მუშაობა კვლავ გრძელდება.

მსგავსი თემები