პარტიის გახლეჩის, ნგრევის გარდა, დღემდე „ნაცმოძრაობის“ მენეჯმენტს არაფერი უკეთებია – ნიკა მელია

დღემდე, პარტიის გახლეჩის, ნგრევის, წევრების გარიცხვის გარდა, მენეჯმენტს არაფერი უკეთებია, სადღეგრძელოს სახით ერთობაზე საუბარი არ არის საკმარისი, როდესაც კედელი ჩამონგრეულია, უნდა ააშენო და არა – დაშალო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, ეჭვი არ ეპარება, რომ პარტიაში დღეს მძიმე ვითარებაა.

„ჩემი შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი დღეს ორმაგ ტყვეობაში იმყოფება. ყოველთვის ვცდილობ, მის გაკეთებულ კომენტარებზე შეფასებები არ გავაკეთო, რომელიც შეიძლება, აზრთა სხვადასხვაობას იწვევდეს. მან ასევე ისაუბრა პარტიის შიგნით დემოკრატიული პროცესის მნიშვნელობაზე. სამწუხაროდ, პარტია 5 თებერვლის შემდეგ უმძიმეს მდგომარეობაშია. მას შემდეგ, რაც პარტიის მენეჯმენტმა პოლიტიკური საბჭო, დაახლოებით 80 ადამიანი, პრაქტიკულად, გაყარა პარტიიდან. აქ არ არის საუბარი პარტიის თავმჯდომარის არჩევნებზე. მე მოვულოცე მათ და დაიხურა ეს მძიმე ფურცელი. დღემდე, პარტიის ხლეჩის, ნგრევის, წევრების გარიცხვის გარდა, ამ მენეჯმენტს არაფერი უკეთებია. ერთობაზე საუბარი სადღეგრძელოს სახით არ არის საკმარისი. როდესაც კედელი ჩამონგრეულია, უნდა ააშენო და არა – დაშალო. ჩემი შეფასებები ძალაში რჩება და ეჭვიც არ მეპარება, რომ პარტიაში დღეს არის მძიმე ვითარება. თუ გვინდა, გამოსწორდეს, მენეჯმენტმა უნდა აღიაროს შეცდომები და მხოლოდ ამის შემდეგ არის გამოსწორება შესაძლებელი“, – განაცხადა მელიამ.

 

 

მსგავსი თემები