12 სკოლაში სარემონტო სამუშაოების ვადაგადაცილების გამო, შესაძლოა, სასწავლო პროცესი 2-3 კვირის დაგვიანებით დაიწყოს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, გიორგი ამილახვარი მოუწოდებს საზოგადოებას, რომ სკოლებში მიმდინარე სარემონტო პროცესს გაგებით შეხვდნენ. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდგომ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, სარეაბილიტაციო პროცესში განათლების სამინისტროს მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება ტრანსპორტირება და სხვა დამხმარე მექანიზმები.

„გამკაცრებულია ზედამხედველობა, რაც შეიძლება მოკლე ვადებში მოხდეს ვადაგადაცილების აღმოფხვრა. ვსაუბრობთ 10-12 სკოლაზე ქვეყნის მასშტაბით, რომელსაც გარკვეული ვადაგადაცილება აქვს და სწორედ ამიტომ, შესაძლოა 2-3 კვირის დაგვიანებით დაიწყოს სწავლა. როგორც მშობლები, ისე მასწავლებლები და მთლიანად სკოლა ინფორმირებულია.

მზად ვართ ყველანაირი დახმარება აღმოვუჩინოთ იმ სკოლებს, მშობლებს და ბავშვებს, სადაც ეს უხერხულობა იქმნება, მაგრამ ეს არის განვითარებაზე ორიენტირებული პროცესი, სხვანაირად ვერ მოვაგვარებთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს, რასაც ჰქვია განათლებაში სასკოლო ინფრასტრუქტურა. ამ პირობებში, 3-4 წლის განმავლობაში, ყველა საჯარო სკოლაში სასკოლო ინფრასტრუქტურული საკითხი მოგვარებული და საერთაშორისო სტანდარტებთან გათანაბრებული იქნება“, – განაცხადა ამილახვარმა.

მსგავსი თემები