,,ჩვენი სირბილის პარალელურად მიჰქონდა მამისონის და სხვა კოტეჯები”- სტიქიას გადარჩენილი

შოვის სტიქიას გადარჩენილი მარიამ ბერიანიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და სტიქიის დღეს იხსენებს. მისი თქმით, რაც უფრო გადის დრო მით უფრო იაზრებს შოვის სტიქიის სიმძაფრეს.

„რაც უფრო გადის დრო მით უფრო ვიაზრებ შოვის სტიქიის სიმძაფრეს. დღეს მთელი დღე შოვზე მეფიქრება და გადავწყვიტე რუკაზე მომეძებნა ადგილები სად ვიყავით და რამდენი ვირბინეთ და რეალური სურათი უბრალოდ წარმოუდგენელია. წითლად მონიშნულია ადგილი სადაც ოჯახური პიკნიკი გვქონდა სტიქიის დაწყების დროს და ყვითლად ჩვენი სირბილის ტრაექტორია. არ მჯერაა!! ჩვენი სირბილის პარალელურად მიჰქონდა მამისონის და სხვა კოტეჯები. ამ დაღმართზე შოთა ბავშვით ხელში მორბოდა!

მახსოვს, გზაში დაცემა და წამოდგომის მომენტში ერთი წამით დანახული მთა, რომელიც მოგვსდევდა…
მერე გადახტომა საშინელ მწვანე ღობეზე და ბოლოს მივაღწიეთ კალცის ხიდზე, სადაც უკვე მეწყერი ჩვენც მოგვწვდა… ჩემი ქმარი ჩემი გმირია, სასწაული შეძლო! ამ უბედური სტიქიიდან კოტიკო ისე გამოიყვანა, რომ ნაკაწრიც არ ჰქონდა! არ მაძლევდა დანებების საშუალებას და ზურგზე მოსმულ ბავშვთან ერთად ლაფში მუხლამდე ჩაფლული ამოვყავდი… როგორ უნდა დავივიწყოთ ეს კოშმარი“. – წერს მარიამ ბერიანიძე სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები