,,დამნაშავე გამოიკვეთება და აგებს შესაბამის პასუხს” – რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის თქმით, “დამნაშავე”, ვინც იუსტიციის სახლში ცრუ შეტყობინება განახორციელა, გამოიკვეთა და პასუხს აგებს. ბრეგაძე წერს, რომ იუსტიციის სახლის დაკეტვის მიუხედავად, შეძლეს მომხმარებლისთვის სათანადო მომსახურების გაწევა.

“იუსტიციის სამინისტრო ყველა სიტუაციაში მოქალაქეების ინტერესების სადარაჯოზეა.

დღეს, იუსტიციის სახლში, ბოროტმოქმედის ცრუ შეტყობინების საფუძველზე მომხმარებელთა და თანამშრომლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დროულად განხორციელდა ევაკუაცია.

საბედნიეროდ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. დამნაშავე გამოიკვეთება და აგებს შესაბამის პასუხს.

მთავარი კი ის არის, რომ იუსტიციის სახლის, გადაუდებელი აუცილელობით გამოწვეული, დაკეტვის მიუხედავად. შევძელით, რომ მომხმარებლისთვის გაგვეწია სათანადო მომსახურება და ადამიანებს იმედი და ნდობა გავუმართლეთ.

ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა მობილური იუსტიციის სახლების მეშვეობით. წარმატებული პროექტის შედეგად ჩვენს მოსახლეობას არა მარტო სოფლად, არამედ კრიზისულ სიტუაციებში ქალაქებშიც ვემსახურებით. ამის ერთი ნათელი მაგალითი ქუთაისშიც გვქონდა ცოტა ხნის წინ, როდესაც წყალდიდობით გამოწვეული შეფერხების მიუხედავად მოსახლეობას სპეციალური მიკროავტობუსების მეშვეობით მივაწოდეთ ყველა საჭირო სერვისი.

საამაყოა ჩვენი თანამშრომლების მონდომება, ორგანიზებულობა და კოორდინაცია არაორდინალურ ვითარებაშიც. მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ. ვემსახურებით საქართველოს”, – წერს ბრეგაძე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ რამდენიმე საათის განმავლობაში პარალიზებული იყო მუშაობა თბილისის იუსტიციის სახლში. ანონიმური შეტყობინების საფუძველზე გამნაღმველები ასაფეთქებელ ნივთიერებას ეძებდნენ. გამოცხადდა ევაკუაცია, ტერიტორია კი ყვითელი ლენტით იყო შემოსაზღვრული. იმავე შენობაშია განთავსებული საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო, ასევე ეროვნული ბანკის მთავარი ოფისიც. სამივე უწყებაში სამუშაო პროცესი შეწყვეტილი იყო. საბოლოოდ ინფორმაცია შენობაში ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობის შესახებ არ დადასტურდა.

მსგავსი თემები