რუსეთის დელეგაციამ ჟენევის მოლაპარაკებები ამჯერადაც დატოვა

რუსეთის დელეგაციამ ჟენევის მოლაპარაკებები ამჯერადაც დატოვა. დღევანდელ მოლაპარაკებაზე დევნილთა დაბრუნების საკითხი განიხილებოდა.  როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია განმარტავს, რუსეთი ყოველთვის ასე იქცევა, როცა საკითხი დევნილთა დაბრუნებას ეხება.

„დევნილთა დაბრუნების თემა არის ცენტრალური საკითხი ჟენევის მოლაპარაკებებზე. სამწუხაროდ, რუსეთის დელეგაციის მხრიდან გრძელდება პრაქტიკა, როგორც კი ეს საკითხი დგება დღის წესრიგში, ისინი ტოვებენ მოლაპარაკებათა მაგიდას.  რუსეთის ფედერაცია არ ავლენს არანაირ ნიშანს, რომ დაიწყოს ამ საკითხის განხილვა, ეს კი, ექვსპუნქტიანი შეთანხმების ცენტრალური თემაა უსაფრთხოების საკითხებთან ერთად. ჟენევის პროცესში ნებისმიერი პროგრესი განიხილება მხოლოდ ამ საკითხებზე წინსვლით. შესაბამისად, ადრე თუ გვიან, ეს საკითხები გადასაჭრელი იქნება და ეს არანაირ სურვილზე არაა დამოკიდებული“ – აღნიშნა ლაშა დრსალიამ.

როგორც დისკუსიაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინმა განაცხადა, დევნილთა დაბრუნების საკითხი უნდა იყოს განხილული მშვიდ, არაპოლიტიზებულ გარემოში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებთან.

 

მსგავსი თემები